პროგრამა “შენი იდეა მერს” ფარგლებში, კალაძეს ე.წ რკინის ხიდის გაკეთებას სთხოვენ

918

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 121 მიმდინარე, 148 დაბლოკილი,  427 არშემდგარი და 10 განსახილველი იდეა ფიქსირდება.

ერთ-ერთი იდეის ავტორი “იდეა რომელიც გადაარჩენს უამრავი ადამიანის სიცოცხლეს” პროექტის განხილვას ითხოვს.

იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 2513 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია თამარ ბუბუტიშვილი-იმნაძის იდეა განიხილოს.

“ჩვენ 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და 91-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები და მასწავლებლები, აგრეთვე ა.მირცხულავას, წყალტუბოსა და აგლაძის ქუჩებისა და წერეთლის გამზ.128. 130, 132, 117 და 139 კორპუსის მაცხოვრებლები გღხოვთ, რომ წერეთლის გამზ.130 და მირცხულავას ქუჩის კვეთაზე არსებულ ავტობუსების გაჩერებასთან გაგვიკეთოთ ე.წ. “რკინის ხიდი”, ვინაიდან პროსპექტზე გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და დაფიქსირებულია ათეულობით ფატალური შემთხვევა. თქვენ ამით გადაარჩენთ ათასობით ადამიანის სიცოცხლეს”,-აღნიშნავს პროექტის ავტორი, თამარ ბუბუტიშვილი-იმნაძე.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.