ირაკლი კობახიძე თვითმმართველ ქალაქებზე: “ეს კოალიცია “ქართული ოცნების” სულელური გადაწყვეტილება იყო”

905

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  “გურია ნიუსის” გადაცემა “კვირის თემაში” განაცხადა, რომ 2014 წელს 7 ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის მინიჭება და გაყოფის შედეგად სათემო მუნიციპალიტეტების შექმნა კოალიცია “ქართული ოცნების” სულელური გადაწყვეტილება იყო.

კობახიძე მიიჩნევს, რომ ქალაქისა და თემის ადგილობრივი ხელისუფლებები ერთ ქალაქში არ უნდა ისხდნენ და ამიტომ საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტები კვლავ უნდა გაერთიანდეს. ის არ გამორიცხავს, რომ გაერთიანება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოხდება.

პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, ამბობს, რომ თვითმმართველობის რეფორმა გაგრძელდება, თუმცა, კონკრეტულად, რა მიმართულებით, ამაზე, ჯერჯერობით, დეტალურად არ საუბრობს.

თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებაზე 29 მარტს 120-მა არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, არ დაუშვას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება.

პარალელურად, იმავე მოთხოვნით, თელავსა და ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ საკითხი განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა. პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტში კი ამბობენ, რომ ქალაქების გაუქმებას მყარი არგუმენტები სჭირდება.