საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა

704

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა.

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი კახეთის რეგიონში იმ დაბრუნებულ მიგრანტებს შეხვდა, რომლებსაც სახელმწიფომ პროექტები დაუფინანსა. 12-წლიანი, არალეგალური, ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ქეთევან მიშიძემ, რეინტეგრაციის პროგრამის დახმარებით, ხის სადურგლოსათვის საჭირო იარაღები შეიძინა და დღეს, მეუღლესთან ერთად, საოჯახო ბიზნესი აქვს.

გერმანიიდან დაბრუნებულმა იროდიონ მამუკაშვილმა გრანტის საშუალებით თელავში საოჯახო სასტუმრო გააკეთა. მებოცვრეობის პროექტი დაუფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულ გიორგი მიქელაძეს. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა რუსეთიდან დაბრუნებულ მარიამ კაციაშვილს, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მარწყვის ბაღი აქვს.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში, ჯამში, 28 პროექტი დაფინანსდა.