თვითმმართველობები ძალიან მსხვილია და ამიტომ მოსახლეობასთან ძალიან დაშორებულია – გიორგი ანდღულაძე სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობების პრობლემებზე

1558

„დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავმჯდომარე, გიორგი ანდღულაძე,  droa.ge-თან საუბრისას  ამბობს, რომ ამ ეტაპზე თვითმმართველობების მთავარი პრობლემა, უფლებამოსილებისა და ამ უფლებამოსილების განხორცილებისთვის საჭირო თანხების არქონის გარდა, ის არის, რომ „თვითმმართველობები ძალიან მსხვილია და ამიტომ მოსახლეობასთან ძალიან დაშორებულია“.

სწორედ ამის შედეგად ასახელებს  მოსახლეობის ნიჰილისტურ დამოკიდებულებას და თანმდევ პრობლემებს. ამის მოსაგვარებლად კი ხელისუფლებას  თვითმმართველობის რეალური რეფორმის გატარებას ურჩევს, რომელიც ქმედით სისტემაზე იქნება დაფუძნებული.

სამცხე-ჯავახეთში, აღწერის ბოლო მონაცემებით, 160 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. თვითმმართველი ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანება ამ რეგიონსაც შეეხო – გასული წლის ბოლოს ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გაუუქმდა და ის ახალციხის მუნიციპალიტეტში გაერთიანდა, რის შემდეგაც ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა რაოდენობა 40 ათასამდე გაიზარდა. როგორ წარიმართა გაერთიანების პორცესი, არის თუ არა დარღვევები გამოკვეთილი და რა არის მთავარი პრობლემა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის კონკრეტულად სამცხე-ჯავახეთში, ამ საკითხებზე droa.ge არასამთვრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავმჯდომარეს, გიორგი ანდღულაძეს, ესაუბრა.

გიორგი ანდღულაძე:  ქალაქ ახალციხისა და ახალციხის თემის მუნიციპალიტეტის გაერეთიანებისას პირველი პრობლემა, ალბათ, ისევ საკადრო პოლიტიკა იყო, რადგან ადამიანების უმეტესობას რეორგანიზაციის შედეგად განცხადებების დაწერა მოუწია და ხელახალი კონკურსები გაიარეს. რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანები კონკურსის შედეგებით არ იყვნენ კმაყოფილები, გაასაჩივრეს სასამართლოში და  რამდენიმეს სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება. ეს არის ერთი პრობლემა, მეორეა ის, რომ ა(ა)იპ-ების გაერთიანებამ დიდი დრო წაიღო და მუნიციპალიტეტის მუშაობაში, გარკვეულწილად, შეფერხებებიც გამოიწვია.

ქალაქი ახალციხე

ყველაზე  მთავარი პრობლემა კი მაინც არის ის, რომ გაერთიანების შედეგად მიღებული ის ერთიანი ბიუჯეტი, რომელიც, მართალია, არ არის აქამდე არსებული ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტების ჯამური ოდენობა, მაგრამ ამბობენ, რომ ეს კიდევ  გაიზრდება და რაღაც ტრანსფერებს ელოდებიან, მაგრამ ამ ბიუჯეტის გადანაწილების პრობლემა დგება. ქალაქი მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს ითხოვს, ქალაქში მეტი პრობლემაა – გზებია დასაგები, საკანალიზაციო სისტემაა გასაკეთებელი, უფრო მეტი რამაა გასაკეთებელი, ვიდრე სოფლებში, სადაც, შესაძლოა, არც გზა იყოს, არც წყალი, მაგრამ მთელი ყურადღება გადადის ქალაქზე და სოფლებს აკლდება.

ბოლო სხდომაზე უკვე დაისვა ეს საკითი, რომ სოფლებს ფული აკლდება და უნდა ეცადონ, რომ  მეტ-ნაკლებად თანაბრად დაიხარჯოს ფული, მაგრამ ეს თანაბრობა როგორ მოხდება, ჯერ არავინ იცის. პრობლემა კი სულ უფრო გამწვავდება, რადგან ქალაქი მეტი თავსატეხია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და ცხადია, სოფელს მოაკლდება.

რაც არ უნდა ეცადოს თვითმმართველობამ, ვერანაირად ვერ მოახერხებს, რომ ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს ამ ეტაპზე სოფლებს.

– პირველ პრობლემად მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად ადამიანების მიერ სამსახურის დაკარგვა ახსენეთ. რამდენი ადამიანი დარჩა დაუსაქმებელი?  რა დარღვევები  იყო ამ პროცესში?   

–  საშტატო ერთეული, დაახლოებით, 30-ით შეამცირეს, თუმცა, ყველა მათგანი არ ასაჩივრებს. ახლა 3 ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ გასაუბრებების და ტესტირების შდეგებით ბევრი ადამიანი იყო უკმაყოფილო, მაგრამ ყველას არ გაუსაჩივრებია. ძალიან ბევრმა, უბრალოდ, ხელი ჩაიქნია და აღარ იდავა.

– ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა? მხოლოდ რაოდენობა შემცირდა თუ აქ დასაქმებულთა რაოდენობაც? 

–  საერთო ჯამში, ამ ეტაპზე რაც შემიძლია, გითხრათ, დანამდვილებით ვიცი, რომ ა(ა)იპ-ების საერთო ხარჯი არ შემცირებულა. ახლა, უბრალოდ, ვარკვევთ, რის ხარჯზე მოხდა შენარჩუნება, მაგრამ არსებითი ის არის, რომ ა(ა)იპ-ების საერთო ხარჯი არათუ შემცირებული არ არის, უფრო გაზრდილია.

– მუნიციპალიტეტის მუშაობა რამდენად არის გამჭვირვალე? პრობლემები თუა, კონკრეტულად რა მიმართულებით, ან რაიმე პროგრესზე თუ შეიძლება საუბარი?

–  სერიოზული პრობლემები იყო წინა მუნიციპალიტეტებთან, როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობის მუშაობის თვალსაზრისით, მაგრამ ამ ეტაპზე, რამდენადაც მე ვიცი, რაღაც ცვლილებებს ატარებენ. რომ გითხრათ, რომ რამე არსებითი ცვლილება უკვე მოხდა, ჯერ ნამდვილად არ მომხდარა, თუმცა, ვიცით, რომ აპირებენ. მზადდება  ვებგვერდი, რომელსაც ინტერაქტიული განყოფილება ექნება. „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი“ ეხმარება ამ  ვებგვერდის გამზადებაში და ვიცით, რომ  ჩაშვების შემდეგ მოსახლეობას საშუალება ექნება, მიიღოს ინფორმაცია და ასევე, დააფიქსიროს თავისი მოსაზრება.

ასევე, არის საუბარი, რომ შეიქმნას რეალურად მოქმედი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მაგრამ, ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერი გაკეთებულა.

რაც შეეხება პოზიტიურს, ერთ-ერთი დადებითი, რაც ამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა, ის იყო, რომ, ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად, დეპუტატებმა მოსახლეობასთან შეხვედრა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ  აქამდე მოსახლეობას არ ხვდებოდნენ, დეპუტატებმა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის თანხა გაიზარდეს. მედიისა და არასამთავრობო სექტორის აქტიურობამ და ამ საკითხზე გახშირებულმა  კითხვებმა კი  ის შედეგი გამოიღო, რომ რამდენიმე დეპუტატმა დაიწყო მოსახლეობასთან შეხვედრები და უკვე გაჩნდა საკრებულოში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის ანგარიშები. ამ ეტაპზე ხარისხზე საუბარი არ გვაქვს. წინა საკრებულოების პერიოდში დეპუტატები საერთოდ არ ხვდებოდნენ ამომრჩევლებს და ახლა, ვფიქრობ, რომ ცოტა უკეთესი სიტუაციაა.

– ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება თუ სრულდება და საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა?

–  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას პრობლემები არ იქმნება ხოლმე. როგორც წესი, ათდღიან ვადაში იძლევიან, მაგრამ ინფორმაცია ვებგვერდზე პროაქტიულად არ ქვეყნდება. ბოლო დრომდე საკრებულოს  სხდომის ჩატარების თარიღიც კი არ ქვეყნდებოდა. ამ ბოლო პერიოდში, დაახლოებით, ორი თვეა, რაც დაიწყეს და გვპირდებიან, რომ, როგორც კი ვებგვერდი ამუშავდება, ყველა საჭირო ინფორმაცია დაიდება. ასევე, გვპირდებიან, რომ გვექნება საჯარო ინფორმაციის ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონულად გამოთხოვისა და ბიუჯეტის ონლაინგანხილვის შესაძლებლობაც. საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირების დაპირებაც მოგვცეს. ამიტომ ამ ვებგვერდის ამოქმედებას დიდი იმედით ველოდებით.

– სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს რატომ არ ქმნიან, ამის ვალდებულება ხომ „თვითმმართველობის კოდექსით“ აქვთ?

მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერიასაც ჰქონდა და გამგეობასაც, მაგრამ, მოძიებული ინფორმაციით, აღმოჩნდა, რომ ეს საბჭოები, ფაქტობრივად, ფურცელზე იყო და რეალურად არ ფუნქციონირებდა –  დაფუძნების მერე ამ საბჭოებს არანაირი რჩევა ან რეკომენდაცია არც მერისთვის და არც გამგებლისთვის არ მიუციათ. ახლა ახალი საბჭოების შექმნა იწყება და ვნახოთ, ისინი როგორ იმუშავებენ.

რატომ გაჭიანურდა მათი შექმნა, რას ამბობენ?

–  როგორც ჩანს, თვითონ არ თვლიან, რომ გაჭიანურდა, მაგრამ ფაქტია, რომ ექვსი თვე გავიდა და ჯერ არ შექმნილა. რეორგანიზაციის, თანამშრომლების მიღება-გაშვების პორცედურა საკმაოდ გაიწელა და დაახლოებით, ერთი თვეა, რაც სამსახურების უფროსები დაინიშნენ. როგორც ჩანს, შიგნით არ იყო დალაგებული სიტუაცია და ამის ბრალია.

– ახალციხის, ან სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების მიღებისას მოსახლეობის აზრს რამდენად ითვალისწინებენ? საერთო კრების მექანიზმი თუ მუშაობს ან პეტიციის წარდგენა და მასზე რეაგირება თუ ხდება?

–  ახალ საკრებულოებთან ამის გამოცდილება არ გვქონია. ორი-სამი წლის წინ შევიტანეთ პეტიცია, მაგრამ, სამწუხაროდ, არ იმუშავა. არ მაქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში საერთო კრებები ტარდებოდეს, ან პეტიცია შეჰქონდეთ.

– მოსახლეობაში არის ამის მზაობა და მოთხოვნა, რომ ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში?

–  რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინტერესი, ჯერჯერობით, დაბალია, მაგრამ ეს მხოლოდ მოსახლეობაში სურვილის არქონის პრობლემა არ არის. მოსახლეობას ინფორმაციაც კი არ აქვს, როგორ უნდა ჩაერთოს და რისი გაკეთება შეუძლია.

ის, რომ მათ ამის გაკეთების საშუალებას კანონი აძლევს, არის ძალიან კარგი, მაგრამ ახლა უნდა ვიფიქროთ მეორე მხარეზე, რომ სოფლის მოსახლეობას გავაცნოთ ეს მექანიზმები. ვცადოთ რამდენიმე სოფელში მაინც, დავანახოთ შედეგი, კარგი მაგალითები იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ამუშავდეს.

პრობლემა არის ის, რომ არ სჯერათ, რომ იმუშავებს, რომ აქედან შედეგს მიიღებენ და შესაბამისად, მოტივაციაც არა აქვთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ რამდენიმე მცდელობა, მუნიციპალიტეტისთვის პეტიციის გაგზავნა იქნება თუ სოფლის კრების გამართვა, რომელზეც რეაგირება იქნება და შედეგს გამოიღებს, მოსახლეობაში მოტივაციის შესაქმნელად ძალიან კარგი საშუალება იქნება.

თავად მოსახლეობა რას ამბობს, აქვთ სურვილი, რომ ჩართულები იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვიღაც მათ აზრს ეკითხებოდეს და ითვალისწინებდეს? 

–  ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ, სოფლებში ადგილობრივი თემები ავამუშაოთ. მივდივართ, ვხვდებით, ველაპარაკებით, მაგრამ საკმაოდ პესიმისტური განწყობაა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ვერაფრს შეცვლიან. არ სჯერათ და ამიტომ ფიქრობენ, რომ ამაზე დროის დაკარგვა არ ღირს და ეს არის მთავარი პრობლემა.  არადა, ასე არაა. ერთ სოფელში არ ადიოდა ავტობუსი, სოფლის გვერდით გაივლიდა და მეორე სოფელში მიდიოდა. ამას სჭირდებოდა უბრალოდ შეხვედრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან და მისთვის ინფორმაციის მიწოდება იმიტომ, რომ სატრანსპორტო მომსახურებას და შიდა გადაზიდვებს, რეალურად, მერია უნდა არეგულირებდეს. მართალია, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი ამას ვერ არეგულირებს, მაგრამ გარკვეული რეკომენდაციის მიცემა შეუძლია და თუნდაც, ამ ინფორმაციის მისატანად და წერილის დასაწერადაც კი სოფელმა „ვერ მოიცალა“. მერე ეს საკითხი მერთან შეხვედრისას დავაყენეთ და მოგვარდა – ახლა ამ სოფელში ავტობუსი მიდის. ეს არის პრობლემა, რომ მოსახლეობას არ სჯერა, თუ ვიღაცა არ ჩაერია, თვითონ ვერ გადაწყვეტენ ასეთ პრობლემებსაც კი.  ეს ნამდვილად მცდარი შეხედულებაა და ნამდვილად ღირს, რომ თავად დაელაპარაკონ ადგილობრივ ხელისუფლებას.

– თქვენ რა პროექტებს ახორციელებთ იმისთვის, რომ ან საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს, ან მუნიციპალიტეტს დაეხმაროთ მუშაობაში?

–  ამ ეტაპზე „დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ პროექტი  „ადგილობრივი თვითმმართველობა და თემი სოფლის გაძლიერებისთვის“ ხორციელდება, რომელიც გერმანული დაფინანსებით მიმდინარეობს და ამ პროექტის ფარგლებში ხდება სოფლის თემებთან შეხვედრები, სამუშაო-საინიციატივო ჯგუფების შექმნა, პრობლემების გამოვლენა, შემდეგ ამ პრობლემის ადგილობრივ ხელისუფლებამდე მიტანა, ამ პრობლემების მოგვარების ლობირება, თანხების ერთობლივად მოძიება და შემდეგ ამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ეს პროექტი ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთში ექვს სოფელში მუშაობს. გარდა ამისა, პროექტი სხვა რეგიონებშიც ხორციელდება და ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ კარგ პრეცედენტს ქმნის.

შარშან მუშაობა ახალციხის მუნიციპალიტეტში დავიწყეთ. წელს უკვე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები დავიმატეთ. უკვე ჩავატარეთ სათემო შეხვედრები. მაგალითად, ახალციხის მუნციპალიტეტის ორ სოფელში – წყორძასა და ღრელიში სარწყავი წყლის პრობლემა გამოვლინდა.  ღრელში სარწყავი წყალი, ფაქტობრივად, საერთოდ არ არსებობდა. იყო კომუნისტების დროს გაკეთებული რაღაც სისტემა, რომელიც აღარ მუშაობდა, ხოლო წყორძაში ელექტროძრავზე აწყობილი სისტემა არსებობდა და გლეხს ამ სისტემის ერთი საათით მომსახურება, დაახლოებით, 16 ლარი უჯდებოდა, რაც ძალიან ძვირია. გამომდინარე იქიდან, რომ შიდა დაქსელვაც არ იყო გაკეთებული და ეს წყალი მიწის არხებით მიჰყავდათ, ერთი ქალი გვეუნებოდა, რომ მხოლოდ ყანამდე მისაყვანად 60 ლარი მჭირდებაო.

ვინაიდან ამ პრობლემის მოგვარება დიდ თანხებს უკავშირდება და ჩვენი პროექტი ამას ვერ გასწვდებოდა, დაველაპარაკეთ მუნიციპალიტეტს, შევახვედრეთ თემის წარმომადგენლებს. ამ პროცესში წამოგვეწია იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამა, მივმართეთ საელჩოს და 90 ათასი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსება მივიღეთ. მუნიციპალიტეტმა თავის თავზე აიღო იქ არსებული ძველი სასმელი წყლის სისტემა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და თავის ბალანსზე გადმოიტანა. გრანტით კი წყალმომარაგების სისტემას მოვაწყობთ. დაახლოებით, სამკილომეტრნახევრიანი მონაკვეთია სარეაბილიტაციო. იმედი გვაქვს, რომ ივლის-გავისტოში უკვე დასრულდება და წყალი ექნება არა მარტო წყორზას და ღრელს, არამედ კიდევ  მიმდებარე ოთხ დასახლებას. მთავარი ის არის, რომ პრობლემის მოგვარებაში ორივე მხარე – მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლებაა ჩართული. ასე უნდა გვარდებოდეს ყველა დასახლების პრობლემა – თანამშრომლობით და ურთიერთშეთანხმებით.

რა არის თვითმმართველობის მთავარი პრობლემა და რა რეკომენდაციას მისცემდით, როგორც  ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას?           

–  ამ ეტაპზე თვითმმართველობების მთავარი პრობლემა არის ის, რომ არა აქვთ ბევრი უფლებამოსილება და ამ უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო თანხები. კიდევ ის, რომ თვითმმართველობები ძალიან მსხვილია და ამიტომ მოსახლეობასთან ძალიან დაშორებულია. როგორი ვებგვერდიც არ უნდა გააკეთონ, როგორი ღია და გამჭვირვალეც არ უნდა იყვნენ და ქალაქში რამდენი საინფორმაციო დაფაც არ უნდა ჩამოჰკიდონ, პირდაპირი კონტაქტი მაინც რთულია. მაგალითად, ახალციხის მოსახლოება, დაახლოებით, 45 ათასია და ვერ დაავალდებულებ მერს, თითოეულ ადამიანს შეხვდეს და მოუსმინოს. ამის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია, ამიტომ მუნიციპალიტეტი უნდა იყოს პატარა, ამ მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები პირდაპირ უნდა ირჩევდნენ თავისი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, პირადად უნდა იცნობდნენ  ამ ადამინს, მასთან კონტაქტი უნდა ჰქონდეთ. ჩემი აზრით, ეს სისტემა მნიშვნელოვანწილად მოაგვარებდა დღეს არსებულ ბევრ პრობლემას, მათ შორის, ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის თვალსაზრისით.

პატარა მუნიციპალიტეტი არის გამოსავალი იმისათვის, რომ თვითმმართველობა ახლოს იყოს მოსახლეობასთან, უფრო იოლად მოაგვაროს თემში არსებული პრობლემები და, ასევე, რეალურად ასახავდეს თვითმმართველობის მუშაობა მოსახლეობის სურვილებსა და საჭიროებებს, რომელიც აქვს და არა, დავუშვათ, ვიღაც, რაც არ უნდა ჭკვიანი და  მაგარი იყოს, მუნიციპალიტეტის ცენტრში წყვეტდეს, რა უნდა ორმოცდაათი ათას ადამიანს.