მეტი დეცენტრალიზაცია და სიახლოვე ხალხთან 100 წლის წინანდელ საქართველოში

1082

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ის პოლიტიკურ-ეკონომიკური მოცემულობა, რაც დამოუკიდებლობის გამოცხადებას უძღოდა წინ, და მოვლენები, რაც ამ ყველაფრის შემდეგ განვითარდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, თუ რა სახით არსებობდა საუკუნის წინ ჩვენთან ადგილობრივი თვითმმართველობა, რამდენად ეფექტური იყო ის და პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული. მეტიც, რა ბერკეტი არსებობდა საამისოდ მაშინ. აღინიშნა, რომ თავის დროზე ბევრად უფრო პროგრესულად აზროვნებდნენ ადამიანები ამ კუთხით და აანალიზებდნენ ადგილებზე უფლებამოსილებების გაზრდის საჭიროებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორ არჩილ თოდუას განმარტებით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში არსებული თვიმმართველობა დეცენტრალიზაციის უფრო მაღალი დონით გამოირჩეოდა და ჰქონდა გაცილებით მეტი შემოსავლის წყარო, თანამედროვე თვითმმართველობებისგან განსხვავებით, მეტ უფლებამოსილებებთან ერთად. კერძოდ, ქონების, საშემოსავლო, აქციზის გადასახადები. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ხელისუფლება გარკვეულ დახმარებას მათ მაინც უწევდა, განმარტა – თვითმმართველი ერთეულების ჯამური ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში იყო უფრო მეტი, ვიდრე დღეს გვაქვს.

„იმ დროინდელი ხელისუფლება ცდილობდა რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო თვითმმართველობა მოქალაქეებთან. ამიტომაც, 1921 წლის დასაწყისში ჩვენ გვქონდა 39 თვითმმართველი ქალაქი. მიუხედავად იმ ეკონომიკური კრიზისისა, რაც მაშინ იყო, თვითმმართველი ერთეულები მაშინ ახერხებდნენ ადგილობრივ დონეზე გადაეჭრათ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები“, – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთმა მომხსენებელმა და დასძინა, რომ საბჭოთა ოკუპაციამ სხვა ყველაფერთან ერთად ქვეყნის განვითარება თვითმმართველობის ჭრილშიც შეაფერხა.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროს ლაშა ჯიქიას თქმით, მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები მაინც გატარდა. მათ შორის აგრარული, რომლის ფარგლებშიც გლეხებს მიწები გადაეცათ. ასევე, თვითმმართველ ერთეულებსაც გადასცეს თავად-აზნაურთა მამულების ნაწილი. ხელი შეეწყოთ ცალკეულ კერძო მეწარმეებს – მთავრობამ მათთვის დაიწყო ნედლეულის მიწოდება, ზოგიერთს კი ფინანსურადაც დაეხმარნენ. მერიის წარმომადგენლის განმარტებით, კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდია მთავრობის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკა, რამაც ეკონომიკური გავლენის ქვეშ მოაქცია ტერიტორიები, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება დროებით ვერ აკონტროლებდა. ამ ყველაფერმა, ლაშა ჯიქიას თქმით, ხელი შეუწყო მათ პოლიტიკურ გაერთიანებასაც ერთი სახელმწიფოს სივრცეში.

თუმცა, მისივე განმარტებით, მძიმე პოლიტიკურმა ვითარებამ ჯერ ძალიან შეაფერხა ეკონომიკური პროცესები, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ კი კერძო ინიციატივები და სახელმწიფოს პროგრესული იდებიც ჩანასახშივე მოკლა.

დღევანდელი შეხვედრა სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში,  არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ორგანიზებით, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა. მსგავსი შეხვედრები ქვეყნის ცხრა რეგიონში უკვე მოეწყო. დისკუსიების მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდაა.