გორის მერს, კოტე თავზარაშვილს, საჯარო სამსახურში დასაქმებული იმ პირების საკითხის შესწავლას სთხოვენ, რომლებსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი რუსული დიპლომები აქვთ. ამის შესახებ დღეს გორის მერიის ადამიანური რესურსების განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ირმა პაპიძემ თქვა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
ირმა პაპიძის თქმით, საჯარო სამსახურში დასაქმებულები არიან ისეთი ადამიანები, რომელთა დიპლომების ნამდვილობაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ირმა პაპიძე ამბობს, რომ საჯარო განცხადებამდე, ამის შესახებ ხელმძღვანელ პირებს ესაუბრა, თუმცა, კოტე თავზარაშვილმა უპირატესობა რუსულ დიპლომის მქონე ადამიანებს მიანიჭა.
ირმა პაპიძე ამბობს, რომ მისი შვილი, ვერხვები-კვერნაკის დასახლების წარმომადგენელი ნიკა მიქაბერიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, მის ნაცვლად რუსუდან (ინგა) იმერლიშვილი დანიშნეს, რომელსაც 1991 წელს, ტიუმენის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი აქვს.
ინგა იმერლიშვილის თქმით, შესაძლოა, ირმა პაპიძეს ტიუმენის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი არ მოსწონს, მაგრამ ამტკიცებს, რომ დოკუმენტი ნამდვილია და ეს ნამდვილობა საჯარო სამსახურის ბიურომ აღიარა. პაპიძის განმარტებით, ასეთ სადავო შემთხვევებში, აუცილებელია, განათლების სამინისტროსთან არსებულმა აღიარების კომისიამ შესაბამისი დასკვნა (დადებითი ან უარყოფითი) გასცეს.
ირმა პაპიძე საჯარო სამსახურიდან 2017 წლის სექტემბერში საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. 21 სექტემბერს ის ,,შენების მოძრაობას” შეუერთდა. მისი თქმით, სწორედ პოლიტიკური მოტივის გამო გაათავისუფლა გორის მერმა მისი შვილი სამსახურიდან.
გორის მერიას ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია.