ზესტაფონის მერმა მერიის კუთვნილი ავტომობილების შეკეთება თავისი მძღოლის მამას დაუკვეთა

917

ზესტაფონის საკრებულოს წევრი “პატრიოტთა ალიანსიდან” გიგა გაბრიჭიძე საგამოძიებო ორგანოებს მერის კახაბერ მახათაძის საქმიანობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. გაბრიჭიძის თქმით, მერი ტენდერების გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ხელშეკრულებებს საკუთარი გარემოცვის წევრებს უფორმებს. ინფორმაციას “ტოპნიუსი” ავრცელებს.

“მერმა მერიის ბალანსზე არსებული ვტომობილების შეკეთება საკუთარი მძღოლის მამას დაუკვეთა. ოთხ მანქანაზეა საუბარი და მათ შეკეთებაში 26 000 ლარზე მეტს იხდის. ასევე, საკუთარი გარემოცვის წევრის, მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომლის კომპანიას დაუკვეთა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. ეს ადამიანი ზესტაფონში მოსულია მისი და მისი გარემოცვის კეთილდღეობისათვის”,- თქვა გიგა გაბრიჭიძემ.

ბრალდებებს უარყოფენ ზესტაფონის მერიაში. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ეკა დუგლაძის განმარტებით, ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადდა, თუმცა მერიამ მათი შეკეთება გადაიფიქრა, რადგან ეს მანქანები შეკეთებას აღარ ექვემდებარებოდა.

მისივე თქმით, თუ მანქანების შეკეთების საჭიროება დადგება, მერია ამ თანხას წლის განმავლობაში გამოიყენებს.