გურჯაანში ტურიზმის განვითარების 20-პუნქტიანი გეგმა შემუშავდა

1717

გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ტურიზმის განვითარების 20-პუნქტიანი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა. გურჯაანის მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსის ნინო ნინოშვილის ინფორმაციით, სტრატეგიული გეგმის შედგენაში ქართველი სპეციალისტების გარდა, ჩართული იყო გერმანიიდან მოწვეული ექსპერტი პეტერ შულცეც. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

ექსპერტი, სამი კვირის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს ეცნობოდა და შემდეგ ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმის შედგენაში მონაწილეობდა.

“მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში არსებული ტურისტული ობიექტების, სასტუმროების, მარნების და არსებული პრობლემების შეისწავლეს. ამ პროცესში კი ქართველებთან ერთად იმუშავა გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტმა, რომელსაც ტურიზმის მიმართულებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს. მან ჩვენთან ერთად დაათვალიერა სხვადასხვა ადგილი, გაეცნო ისტორიულ ძეგლებს, გურჯაანის პოტენციალს და მიიღო მონაწილეობა გეგმის დამუშავებაში”, – თქვა გურჯაანის მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსმა ნინო ნინოშვილმა.

გერმანელი ექსპერტის განმარტებით, ტურიზმის მიმართულებით გურჯაანში ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

“ახალი მარნების მშენებლობა მნიშვნელოვანია ტურისტების მოსაზიდად. დავათვალიერეთ ღირსშესანიშნაობები, საინტერესო ადგილები. მინდა ვთქვა, რომ გურჯაანს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. გურჯაანში ტურიზმის განვითარების მიზნით აუცილებელია სუსტი მხარეების გაძლიერება და პრობლემების მოგვარება. მომზადდა 20 პუნქტიანი გეგმა და ანალიზი და ამ დოკუმენტის მიხედვით ტურიზმის განვითარებაზე უნდა დაიწყოს მუშაობა’’, – აღნიშნა პეტერ შულცემ.