შრომის ინსპექციის როლი იზრდება

1411

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ერთ-ერთი პუნქტი შრომითი ინსპექციის ეფექტურ მუშაობასა და უწყების როლის გაზრდას ეხება.

ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პროექტის კოორდინატორი თამარ ჭუბაბრია knews.ge-სთან განმარტავს, რომ დღეს შრომითი ინსპექცია ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ეფექტურად. მისივე განცხადებით, ინსპექციის როლი უნდა გაიზარდოს.

,,წელს გაცემულია დაპირება, რომ შრომის ინსპექცია აღიჭურვება უპირობო დაშვებით დასაქმების ადგილებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების შესასწავლად. შრომის ინსპექცია დასაქმების ადგილებზე უნდა აღიჭურვოს უპირობო დაშვების მანდატით, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფორმის შემდეგ აღარ იქნება საჭირო დამსაქმებლის თანხმობა და ჩატარდება მონიტორინგი, ინსექტირება მოთხოვნის საფუძველზე დარღვევების შემთხვევაში უნდა იყოს სანქცირების საშუალება. შრომითი ინსპექციის მანდატის უფლებამოსილება უნდა ვრცელდებოდეს არა მხოლოდ შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებზე, არამედ შრომის სხვა უფლებებსა და პირობებზე“, – განმარტავს თამარ ჭუბაბრია.

შრომითი ინსპექციის როლის გაზრდასთან დაკავშირებით თელავში აქციაც გაიმართა, მონაწილეები ითხოვდნენ მშრომელთა უფლებების ეფექტურ დაცვას.
,,შრომის ინსპექციამ ყურადღება უნდა მიაქციოს ქალთა სპეციფიურ საჭირობებს და შეისწავლოს: ორსულობის, მშობიარობის, დედობით და გენდერული ნიშნით გამოწვეული დისკრიმინაციის ფაქტები. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფაქტები, ასევე, ქალებისა და კაცების საშუალო თვიურ ხელფასებს შორის 36% განსხვავების მიზეზები, და ბოლოს, სამუშაო ადგილზე ქალის მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომა”, – აცხადებდნენ knews.ge-სთან ორგანიზატორები.

წყარო: კახეთის ხმა