2017 წლის „ღია ბიუჯეტის კვლევის“ მიხედვით საქართველოს ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსი საკმაოდ მაღალია – 100 ქულიანი შეფასების სისტემაში 82-ე ადგილს იკავებს და 2015 წელთან შედარებით 16 პუნქტით არის გაუმჯობესებული. იმავე კვლევის მიხედვით, საზოგადოების მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში 22 ქულითაა შეფასებული, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობას საბიუჯეტო პროცესში ჩართვის მცირე შესაძლებლობა აქვს.
“ეს კვლევა ზუსტად ასახავს იმ გარემოებებს, რომელთა გამო ევროპის ფონდმა რამდენიმე წლის წინ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით დაიწყო მუშაობა და საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალობის გაუმჯობესება და საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა დაისახა მიზნად,“- ამბობს ფონდის პროგრამის „თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის“ მენეჯერი, ნათია მელაძე.
ის ფიქრობს, რომ დაბალი სამოქალაქო აქტიურობა ბიუჯეტირების პროცესში რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას. ერთი მხრივ, არ არსებობს პოლიტიკური ნება და შესაბამისად, არც რესურსებია მობილიზებული იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს მოქალაქეთა აქტიურობას ბიუჯეტირების სხვადასხვა ეტაპზე და მეორე მხრივ, არ ხდება მოსახლეობის ინფორმირება იმისათვის, რომ მათ გამოიყენონ ჩართულობის კანონით მინიჭებული მექანიზმები და მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში.
„რეალურად, ბიუჯეტირების სხვადასხვა ეტაპზე მოქალაქეთა ჩართულობა პირდაპირი გარანტი უნდა იყოს იმისა, რომ საბიუჯეტო პროცესები ეფექტურად წარიმართება – სწორად მოხდება ბიუჯეტში გასათვალისწინებელი საკითხების პრიორიტეტიზაცია და მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, რომ მათი საჭიროებები და სურვილები ასახონ ქვეყნის ბიუჯეტში,“- ამბობს ნათია მელაძე.
თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება დემოკრატიის აუცილებელი ნაწილია – ამ დროს მოსახლეობას თავისი წვლილი შეაქვს ადგილობრივი ან სახელმწიფო ბიუჯეტის გადანაწილებაში.
„მხოლოდ არჩევნების ჩატარება არ არის საკმარისი დემოკრატიისათვის. ხელისუფლება მუდმივად უნდა უსმენდეს მოსახლეობას და გრძნობდეს ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის მიმართ. ამ კუთხით საბიუჯეტო საკითხები და ბიუჯეტირება უმნიშვნელოვანესია, რადგან ნებისმიერი ინიციატივის განხორციელებას თუ დანაპირების შესრულებას სჭირდება ბიუჯეტი. გარდა ამისა, თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება ზრდის ბიუჯეტის გამჭვირვალობას და ეფექტურობას, და აძლევს მოქალაქეებს საშუალებას, ხმა მიაწვდინონ მთავრობას,“- ამბობს ნათია მელაძე.
ჩვენი კანონმდებლობა, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ ხელისუფლებას ავალდებულებს, ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე ორგანიზება გაუწიოს მოქალაქეებთან შეხვედრებსა და მათ მონაწილეობას საჯარო დისკუსიებში, რათა მოხდეს მოსახლეობის მოლოდინებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა ბიუჯეტის სწორად დასაგეგმად. მეორე მხრივ, კანონი მოსახლეობას აძლევს ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის საშუალებას არაერთი ფორმით. ეს არის დასახლების საერთო კრება, პეტიცია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა, მერის და საკრებულოს წევრის მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა და ა.შ.
„როდესაც ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა, რამდენიმე პრიორიტეტი დავისახეთ: სხვადასხვა დონეზე გვემუშავა პროცესის მონაწილე ყველა მხარესთან, რომ საბიუჯეტო პროცესებში გაგვეზარდა მოქალაქეთა ჩართულობა – გაგვეხადა საჯარო ინფორმაცია მეტად ხელმისაწვდომი, ხელი შეგვეწყო ისეთი პლატფორმებისა და ინიციატივებისათვის, რომლებიც გაამარტივებდა მოქალაქეთა ჩართულობას ბიუჯეტირების ყველა ეტაპზე“- ყვება ნათია.
შედეგად, ევროპის ფონდმა ეტაპობრივად დაიწყო მუშაობა საჯარო ფინანსების მართვის პროცესების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად: მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ორგანიზება გაუწია ტრენინგების სერიებს საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე, თბილისსა და რეგიონებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია საშუალებებისათვის; გარდა ამისა, დააფინანსა რამდენიმე ორგანიზაცია იმისათვის, რომ ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე არსებული სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები შეეფასებინათ და რეკომენდაციები გაეწერათ, თუ როგოორ შეიძლებოდა გაუმჯობესებულიყო ბიუჯეტირების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთ-ერთია, რომელმაც ევროპის ფონდისგან მიღებული რესურსით, საბიუჯეტო ჩართულობის პროექტზე სამ ქალაქში- თელავში, რუსთავსა და გორში იმუშავა. პროექტის მაშინდელი მენეჯერი და საიას დღევანდელი აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი ყვება, რომ პროექტმა რეგიონებში მოსახლეობის მხრიდან სრული პასიურობა, ხოლო მთავრობის მხრიდან ნაკლები ანგარიშვალდებულების გრძნობა გამოავლინა.
„ჩვენი პროექტის მიმდინარეობისას დაახლოებით 200 ადამიანი გამოვკითხეთ და აღმოვაჩინეთ, რომ მოსახლეობა ფაქტიურად არ მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას არანაირი ინიციატივით ან თხოვნით, გარდა სოციალური შემწეობისა,“- ამბობს ირმა. „რაც შეეხება, თვითონ თვიმმართველობებს, მაგალითისათვის, თელავის თვითმმართველობამ საერთოდ უარი განაცხადა, ხელი მოეწერა მემორანდუმზე, რომლითაც დაადასტურებდა მზაობას ბიუჯეტირების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაზე.“
ამ სიტუაციაში, საიამ საინფორმაციო და ადვოკატირების აქტივობები დაიწყო. „პირველ რიგში დავიწყეთ საინფორმაციო აქტივობები და ტრენინგების ციკლი – მოსახლეობას ვუხსნიდით, თუ როგორ მიმდინარეობს საბიუჯეტო პროცესები, რა ეტაპზე და რა ფორმით შეუძლიათ მონაწილეობა, მოსაზრებების წარდგენა, პრიორიტეტების დოკუმენტების მომზადებაში ჩართვა. მეორე მხრივ, ვცდილობდით, მათში ადვოკატირების უნარჩვევები გაგვევითარებინა – მათ შორის, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, მედიის ჩართულობა და ა.შ. პროექტის ფარგლებშივე ჩავატარეთ გამოკითხები იმის გასაზომად, თუ რა უფრო ეფექტურ გზად მიაჩნიათ ბიუჯეტირებისას სამოქალაქო ჩართულობისათვის, რა მექანიზმები მუშაობს მეტად და რა არა. გავარკვიეთ, რომ ფაქტიურად არ ფუნქციონირებს დასახლების კრებები, პეტიციები. ყველაზე ეფექტურ მექანიზმად ადგილობრივებს მაინც საკრებულოს სხდომებზე დასწრება მიაჩნიათ, თუმცა აქაც ნაკლები აქტიურობაა.მთავრობა კი უფრო მეტად ახალისებს ადგილობრივ სსიპ-ების წარმომადგენლებს საკრებულოს სხდომებზე დასასწრებად, რაც ნიშნავს, რომ საჯარო დისკუსია ფაქტიურად არ იმართება საბიუჯეტო საკითხებზე.
ირმა იხსენებს, რომ პროექტის ფარგლებში, საადვოკაციო კამპანიის შედეგად, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა მოსახლეობის გარკვეული საჭიროებები ქალაქებში, მაგალითად – თელავში შემოწმდა წყლის ხარისხი და მოეწყო საგზაო ნიშნები.
„არის გარკვეული ხარვეზები კანონმდებლობაშიც, რომელიც კიდევ უფრო მეტ სირთულეს ქმნის მოქალაქეთა მობილიზების კუთხით. მაგალითად, დასახლების კრებას უნდა ესწრებოდეს მოსახლეობის 20%, რაც ფაქტიურად ვერ ხერხდება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს პროცენტი უნდა შემცირდეს. გარდა ამისა, მიგვაჩნია, მთავრობამ უნდა გამოუყოს გარკვეული ადმინისტრაციული ბიუჯეტი მოსახლეობას, რომ მათ შეძლონ თვითმობილიზება, პეტიციაზე ხელმოსაწერი ხარჯების დაფარვა და ა.შ. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ ვაძლევთ მოსახლეობას უფლებას, რომ ჩაერთონ ბიუჯეტირებაში, მაშინ ეფექტური უნდა იყოს ჩართვის მექანიზმიც.“
ირმა გვიყვება, რომ პროექტზე მუშაობისას, საილუსტრაციოდ, საიამ პოლონეთის მაგალითი შეისწავლა. საკითხი ეხებოდა ერთ-ერთ ქალაქში სკვერის შენარჩუნების და მოწყობის საკითხს. ირმა ყვება, რომ თვითმმართველობამ, პირველ რიგში, მთელი ადგილობრივი მოსახლეობა გამოკითხა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა, უნდა დაეტოვებინა თუ არა სკვერი ამ ტერიტორიაზე. შემდეგ მოხდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესწავლა იმისათვის, რომ გაერკვიათ, როგორ უნდა დაეყოთ ტერიტორია ზონების მიხედვით – მცირეწლოვანი ბავშვების, მოზრდილებისა თუ მოხუცებისათვის.
„საქართველოში ასეთი მაგალითებით ვერ ვიამაყებთ, თუმცა საზოგადოების აქტიურობაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. თბილისის მერიას, მაგალითად, ჰქონდა ვებპლაფორმა, სადაც მოსახლეობას ეძლეოდა საშუალება ბიუჯეტი სასურველი პრიორიტეტების მიხედვით გაენაწილებინა, მაგრამ თვეების განმავლობაში 35 მომხმარებელზე მეტი ამ პლატფორმას არ გამოუჩნდა,“- ამბობს ირმა.
2015-2017 წლებში ევროპის ფონდის მიერ საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაზრდელად 135,519.5 ლარის ჯამური ოდენობის გრანტი გაიცა.
„გვჯერა, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულება და მოსახლეობის სამოქალაქო თვითშეგნება წარმატებული გამოცდილების გაზიარებით და პრაქტიკული პროგრამების საშუალებით გაიზრდება. ფონდი, თავის მხრივ, აქტიურად გაგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, რა თქმა უნდა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად,“- ამბობს ნათია მელაძე.