საჩხერის მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა იწყება

895

საჩხერის მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა იწყება. ამის შესახებ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, გიორგი დვალაშვილმა განაცხადა.

“აღნიშნული პროექტი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი კონკრეტული მიზანი მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი ძეგლების აღრიცხვა, შეფასება და პოპულარიზაციაა”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მასალების მოპოვება და შეგროვება თსუ-ს გეოგრაფიის დეპარტამენტის სტუდენტებისა და ადგილობრივი საჯარო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეების ჩართულობით მოხდება.

ასევე, პროექტის ფარგლებში გაიმართება ფოტო-გამოფენები, ჩატარდება საველე-საექსპედიციო სამუშაოები და ლექცია-სემინარები, შეიქმნება ტურისტული რუკები.

პროექტის განხილვას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.