სოფელ ქვახვრელში ხელმეორედ რეაბილიტირებული მილებიდან წყალმა ამოხეთქა

1064

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის ახალი სისტემის ხელმეორედ  რეაბილიტაციის მიუხედავად, მილებიდან წყალი ჟონავს. მილიონიანი პროექტის შედეგი, რომლის განხორციელებაც 2016 წლის ივნისიდან დაიწყო. შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულების ვადა 2018 წლის 15 მაისს ამოეწურა, თუმცა პრობლემა მოუგვარებელია. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღეს, დილით, მილებში სასმელი წყლის გაშვების დროს, შემკრებ ჭიდან წყალმა ამოხეთქა. წნევა იმდენად დიდი იყო, რომ წყალი არა მხოლოდ შემკრები ჭიდან, არამედ მიწიდანაც ამოვიდა. გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ბონდო მარუაშვილის თქმით, ასეთი “ამოხეთქვის” 11 ფაქტია დაფიქსირებული.

“ყველაფერი მოგვარდება, მიმდინარეობს სამუშაოები და ყველა ხარვეზი აღმოიფხვრება,” – თქვა ბონდო მარუაშვილმა და დასძინა, რომ ქვახვრელის სასმელი წყლის სისტემა ჯერ მათ ბალანსზე გადაცემული არაა.

ქვახვრელის სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 26 ივნისიდან “არქიკულტურამ” დაიწყო და 2016 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა. კომპანიას ხელშეკრულების ვადა 2017 წლის მაისამდე გაუგრძელეს. მიუხედავად ამისა, სამუშაოები მაინც არ დაასრულდა, თუმცა 890 000 ლარიდან 800 000 ლარი აითვისეს. იმ დროს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი იყო, რომელიც 2017 წლის შემოდგომიდან ოპოზიციაში, “შენების მოძრაობაში” გადავიდა.

2017 წლის შემოდგომით, კომპანია “არქიკულტურას”, სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხელო – 90 000 ლარი დააკისრეს. 2017 წლის 15 დეკემბრიდან კი, სამუშაოებში “გეოპლასტი” ჩაერთო. “გეოპლასტი” ამბობს, რომ მათ თავიანთი სამუშაოები შეასრულეს (მრიცხველების დამონტაჟება, დაზიანებების აღმოფხვრა), თუმცა, დაზიანებები იმდენად მასშტაბური იყო, რომ 169 000 ლარით მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს.”გეოპლატსს” ხელშეკრულების ვადა 2018 წლის 15 მაისს ამოეწურა.