თბილისის ერთ-ერთ ქუჩას არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის სახელი მიენიჭება

1024

თბილისში, ერთ-ერთ ქუჩას იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოში  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესა და იტალიის ელჩის მოადგილეს სტეფანო კრეშენცის შეხვედრაზე იმსჯელეს.

თბილისის საკრებულოს ცნობით, შეხვედრას საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილიც ესწრებოდა.

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი მეცხრამეტე საუკუნეში, საქართველოში მოღვაწე, წარმოშობით იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის შეეხო.

„დღევანდელ შეხვედრაზე თბილისის რომელიმე ქუჩისთვის ჯოვანი სკუდიერის სახელის მინიჭების საკითხი განვიხილეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკრებულო შესაბამის პროცედურებს განახორციელებს და უახლოეს მომავალში თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ცნობილი იტალიელი არქიტექტორის სახელი მიენიჭება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ჯოვანი სკუდიერი, ეროვნებით იტალიელი არქიტექტორი იყო, რომელსაც საქართველოში მოღვაწე არქიტექტორთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი იყო პირველი არქიტექტორი, რომელმაც თბილისის განაშენიანებას ახლებური, ევროპული ხასიათი შესძინა.

მისი პროექტით საქართველოში აშენდა მრავალი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, თეატრი, პირველი ქვის ხიდი თბილისში (ახლანდელი ჩუღურეთისა და ე.წ. მშრალი ხიდი). ასევე სკუდიერის ეკუთვნის თავისუფლების მოედნის პროექტი, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმვა და სხვა.