გორის მერია სამოქალაქო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განხორციელებას იწყებს. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც გასულ წელს მოსახლეობამ დაგეგმა და 2018 წლის ბიუჯეტით უნდა შესრულდეს,კომბინატის დასახლებაში, გორგასლის №№5, 6 და 7 კორპუსების მიმდებარედ სპორტული მოედნის მოწყობაა.
გორის მერიის ცნობით, სამუშაოების ღირებულება 44 000 ლარია, შპს ,,ალონისი“ ასრულებს. მოედნის მშენებლობა ივნისის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს.
სამოქალაქო ბიუჯეტირების შედეგად, 2018 წლის განმავლობაში, გორში მოსახლეობის მიერ 2017 წელს ინიცირებული 10 პროექტი განხორციელდება, მათ შორის: სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია; სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია სტალინის გამზირზე #5 და #7 კორპუსების, ყოფიანის #52-ის, შინდისის #32-ის, ვოლოგდის დასახლების, კაჩინსკისა და მუსხელიშვილის ქუჩების მიმდებარედ; ნადირაძის ქუჩის ტროტუარის მოწყობა, სამეფო ქუჩის სანიაღვრის რეაბილიტაცია და ვერხვების დევნილთა დასახლების სასაფლაოს შემოღობვა.
აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 450 000 ლარი დაიხარჯება.
სამოქალაქო ბიუჯეტირება ქალაქ გორში 2016 წლიდან ხორციელდება. მოქალაქეები თვითონ გეგმავენ მათ უბნებში მომავალ წელს განსახორციელებელ პროექტებს.
სამოქალაქო ბიუჯეტის ჩამოყალიბების პროცესი საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სხვა სივრცისა“ (პოლონეთი) და მისი პარტნიორების: მარნეულის მუნიციპალიტეტის, საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის, ა(ა)იპ „ერთიანი კავკასიის“, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ქართული კომიტეტის, რეგიონალური უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტისა და ქალაქ ვარშავის მერიის სოციალური კომუნიკაციის ცენტრის პროგრამული მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.