გორის მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში, შესაძლოა, მეთოდისტის შტატი გაუქმდეს. ამის შესახებ გორის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა თქვა. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
მეთოდისტები, სხვა შტატიანი თანამშრომლების მსგავსად, საბავშვო ბაღებში წლებია მუშაობენ. ისინი საბავშვო-ბაღებში არიან და აღმზრდელ-პედაგოგებს რეკომენდაციებს აძლევენ. მათ ფუნქციებში დაწესებულების სხვადასხვა მიმართულებით კონტროლიც შედის. ბაღებში დასაქმებული მეთოდისტის საშუალო ხელფასი 200 ლარია.
მსგავსი შტატი ბაღების მართვის სააგენტოშიც არსებობს. აქ ჯამში 5 მეთოდისტი მუშაობს და მათი ხელფასი 625 ლარია.
“კი, ბაღებს თავისი მეთოდისტებიც ჰყავთ. მედოდისტები, იგივე მენტორ-მასწავლებლები, ძირითადად, მხოლოდ ქალაქის სააღმზრდელო დაწესებულებებს ჰყავთ. სოფლის ბაღებში კი ეს შტატი არ არის. საჭიროებიდან გამომდინარე, სააგენტოში 5 გადამზადებული ადამიანი ავიყვანეთ. ისინი მუნიციპალური საბავშვო ბაღების მონიტორინგს სხვადასხვა მიმართულებით მუდმივად ახორციელებენ”, – თქვა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა.
მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტი გაერთიანდა და მართვის ერთანი სისტემა ჩამოყალიბდა, სააგენტოში მეთოდისტის 5 შტატი შეიქმნა. გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ პოზიციაზე თანამშრომლების დანიშვნა ოპტიმიზაციის პრინციპით მოხდა.
“იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მეთოდისტები უკეთ ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს, არ გამოვრიცხავთ, ბაღებში არსებული მეთოდისტის შტატები საერთოდ გაუქმდეს. ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებული გადამოწმებისას რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება აღმზრდელ-პედაგოგების მიმართ გაცემულ შენიშვნებს, მხოლოდ უმნიშვნელო გაფრთხილებები იყო“, – განმარტავს ლია კოვზიაშვილი.