საქართველოს პარლამენტი “ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის” დამატებითი ოქმის რატიფიცირების პროცედურებს იწყებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში უკვე შეტანილია საკანონმდებლო ინიციატივა. პროექტის თანახმად, მთავრობას ეძლევა რეკომენდაცია, დაიწყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები და საქართველოს პარლამენტს სარატიფიკაციოდ წარუდგინოს “ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის” დამატებითი ოქმი.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიციატივას ოფიციალური მსვლელობა მიეცემა და ამოქმედდება მიღებისთანავე.
ინიციატივის თანახმად, რეკომენდაციაში აღწერილია ქარტიის ხელმოწერისა და რატიფიცირების დასაბუთება.
რატიფიცირების მთავარი მიზანი არის „საქართველოს სურვილი, შეუერთდეს იმ სახელმწიფოთა რიცხვს, რომელთაც ხელმოწერილი, რატიფიცირებული და ამოქემდებული აქვთ ეს აქტი, რათა უფრო მაღალი სამართლებრივი სტანდარტით იქნას დაცული მოქალაქეთა ჩართულობის უფლება ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში“.
ინიციატივაში, ასევე, აღნიშნულია, რომ რეკომენდაციის პროექტთან არ არის დაკავშირებული დამატებითი ხარჯები, არ აქვს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე და არ იწვევს სახელმწიფოსაგან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ამასთან, პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
“საკითხი ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებით ოქმს, ე.წ. უტრეხტის ოქმს, რომელიც 2009 წელს არის მიღებული და რომელიც აქცენტს აკეთებს მოქალაქეების მონაწილეობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. ეს არის ოქმი, რომელსაც სხვადასხვა დროს შეუერთდა მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოებისა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მოახდინოს რატიფიცირება ამ ოქმის, მით უმეტეს, იმ დაანონსებული რეფორმის გათვალისწინებით, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ დეცენტრალიზაციის რეფორმის სახით. რეფორმის ფარგლებში, სწორედ ეს საკითხი იქნება კონცეპტუალურად ერთ-ერთი სვეტი, რომელსაც დაეყრდნობა ეს პროცესი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ამ პროცესს ვიწყებთ და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს აქტი იქნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველოში თვითმმართველობის გაძლიერებისათვის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.