რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ის ტერიტორიები დაათვალიერეს, სადაც დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, წალკის მუნიციპალიტეტში მინისტრებმა დაშბაშის კანიონი დაათვალიერეს, რომელიც ბუნების ძეგლს წარმოადგენს. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მინისტრებმა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურების ცენტრიც დაათვალიერეს.
მინისტრებმა ადგილობრივებთან ერთად, ფარავნისა და საღამოს ტბისთვის დამახასიათებელი იხტიოფაუნის სახეობების აღდგენის და სპორტულ-სამოყვარულო მეთევზეობისა და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„მნიშვნელოვანია საღამოს ტბის და ფარავნის ტბის პოტენციალის შესწავლა და განხილვა, თუ რამდენად შესაძლებელია ისინი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს დაემატოს. ეს იქნება ერთ-ერთი მიმართულება სოფლის განვითარების კუთხით, მეორე მხრივ, პროექტები, რომელიც მეცხოველეობის განვითარებას, მევენახეობას და იმ მიმართულებებს უკავშირდება, რომლის პოტენციალიც კონკრეტულ რეგიონში არსებობს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
„ინფრასტრუქტურის მოწყობით, ჩვენ შევძლებთ დამატებითი შემოსავლები გავუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას, ვიზიტორებისთვის და ტურისტებისთვის დაცული ტერიტორიები გავხადოთ უფრო მიმზიდველი და საინტერესო. უწყებების თანამშრომლობით შევძლებთ, ხელი შევუწყოთ რეგიონულ განვითარებას, შევქმნათ შემოსავლის მიღების ახალი წყაროები“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.