ხაშურში სპორტკომპლექსის მშენებლობა გრძელდება

776

ხაშურის მერმა მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქში მიმდინარე სპორტული კომპლექსის სამუშაოები დაათვალიერა.  სპორტკომპლექსის მშენებლობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით ხორციელდება.

ხაშურის მერიის ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 2 292 455 ლარია. პროექტის ფარგლებში  მიმდინარეობს საკალათბურთო-სახელბურთო, საჭიდაო, ძალოსნობის, მძლეოსნობის და ფიტნეს დარბაზების მოწყობა. შენობის მეორე სართულზე დაგეგმილია საჭადრაკო ოთახისა და სატრენაჟორო დარბაზის განთავსება. მოეწყობა მცირე საკონფერენციო დარბაზი და და კაფე-სასადილოც. შენობაში 40 სტუმარზე გათვლილი სასტუმროც იფუნქციონირებს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მინი სტადიონის, საჩოგბურთო მოედნის, ავტოსადგომისა და მცირე რეკრეაციული ზონის მოწყობა. ეზოს კეთილმოწყობის პროექტის ღირებულება 700 000 ლარია. სამუშაოების დასრულება ზაფხულში იგეგმება. შედეგად კი ხაშურის მოსახლეობა ახალ სპორტკომპლექსს მიიღებს. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული სპორტის განვითარების, ისე ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის,-“ განაცხადა გიორგი გურასპაშვილმა.