თბილისის განვითარების ფონდი დავით აღმაშენებელის N93-ში მდებარე მაღალმხატვრული ისტორიული სადარბაზოს რესტავრაციას ატარებს, რომლის მხატვრობაც 1905 წელს, ცნობილი მხატვრების, ბენედიქტ (ბენო) ტელინგატერისა და დე მარცოს მიერ არის შესრულებული.
ფონდის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქაღალდზე შესრულებული მხატვრობის, ზეთის საღებავებით შესრულებული 6 კომპოზიციის, დეკორატიული მხატვრობისა და მაღალხარისხიანი ბათქაშით შესრულებული ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაცია, ასევე, ლითონისა და ხის ნაკეთობების გაწმენდა-რესტავრაცია, გვიანი დანამატების მოხსნის სამუშაოები და დეკორატიული მორთულობების კონსერვაცია.
გარდა ამისა, დაგეგმილია არქიტექტურულ-სარესტავრაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ სადარბაზოს მაქსიმალურად ექნება შენარჩუნებული იერსახე და ღირებულება.
თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, მხატვრობისა და ზეთით შესრულებული დეკორატიული ელემენტები სადარბაზოს სხვენში არასწორად მოწყობილი სველი წერტილების, სადარბაზოში უხარისხოდ გაყვანილი კომუნიკაციების და დაზიანებული სახურავის გამო შეილახა.
სარესტავრაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიული სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროგრამა 35-მდე ისტორიული სადაბაზოს აღდგენას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, სამუშაოებს ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული და გამოცდილი შპს “კონსერვაცია და რესტავრაცია” ასრულებს.
აღმაშენებლის N93-ში მდებარე სადარბაზოს სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.