მიხეილ ჩიტაძე : „მთავარი პრობლემა არაფორმალური გავლენებია. გუბერნატორმა მერს დავალება რომ არ უნდა მისცეს, კანონში წერია, მაგრამ ფაქტია, რომ აძლევს”

1238

„აქ მთავარია 3 ძირითადი საკითხი – მუნიციპალიტეტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება და უფლებები, უნდა ჰქონდეს საკუთარი ფული ამ უფლების განსახორციელებლად და უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების   მიღებაში,“ –  ამ რეკომენდაციას  ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის რეალურად გატარებისთვის  droa.ge-თან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „გორის საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი მიხეილ ჩიტაძე იძლევა. 

7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების პროცესში გორიც მოჰყვა და შესაბამისად, ქალაქ გორის და გორის თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდა. საერთო ჯამში, დღეისათვის ამ ერთ მუნიციპალიტეტში უკვე 125 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც, მიხეილ  ჩიტაძის თქმით, განსაკუთრებულ პრობლემებს ქმნის.  

კონკრეტულად რა პრობლემები გამოიკვეთა მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცესში, რა გაკეთდა ამ პერიოდში და სად არის ყველაზე მეტი ხარვეზი, ამ საკითხებთან დაკავშირებით  droa.ge მიხეილ ჩიტაძეს ესაუბრა, რომელიც  წლებია, გორში თვითმმართველობის პრობლემებზე მუშაობს.   

– ადგილობრივი არჩევნებიდან უკვე ექვს თვეზე მეტია გასული. როგორ დაიწყეს მუშაობა ახალმა მუნიციპალიტეტებმა, რა პრობლემებია გამოკვეთილი?

მიხეილ ჩიტაძე:  თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, გორის შემთხვევაში, ორი მუნიციპალიტეტი გაერთიანდა და შესაბამისად, გადალაგება-გადმოლაგებას, მით უმეტეს, პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, უშუალოდ მუნიციპალიტეტის საქმიანობის შეფასებისთვის არცთუ დიდი დრო გასულა.

– ქალაქ გორისა და გორის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცესი როგორ წარიმართა? რამდენად მტკივნეული იყო ეს პროცესი დასაქმებულებისთვის და ხომ არ დარღვეულა მათი უფლებები?

გორის მუნიციპალიტეტის მერია

რაც გარედან ჩანდა, ეს პროცესი საკმაოდ წინააღმდეგობრივად წარიმართა. კადრების ნაწილი, რომლებიც ორ სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა, რა თქმა უნდა, პრობლემური იყო, ნაწილი სამსახურის დაკარგვის საფრთხის ქვეშ დადგა. ამიტომაც, ეს პროცესი საკმაოდ დაძაბულად, გაწევ-გამოწევებითაც კი  მიმდინარეობდა. შედეგი კი ის არის, რომ, ფაქტობრივად, ერთი-ორი ადამიანის გარდა, უმუშევარი არავინ დარჩა. არც უშტატო თანამშრომლებზე უთქვამთ უარი. ასე რომ, რაც დეკლარირებული იყო, რომ შტატები შემცირდებოდა და ადმინისტრაციული ხარჯები ამით დაიზოგებოდა, არ  შესრულდა. რეალურად, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, ისევ ყველა დასაქმებულია და სამსახური არავის დაუკარგავს, თუმცა, ფაქტია, რომ საკმაოდ წინააღმდეგობრივი პროცესი იყო.

–  წინააღმდეგობა რაში გამოიხატებოდა?

–  გარეთ, რა თქმა უნდა, ნაკლებად ჩანდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ იყო დაპირისპირება პარტიებს შორის, ვისი ხალხი სად გავიდოდა, ვინ დაიკავებდა უფრო მნიშვნელოვან პოსტს, ვინ გახდებოდა უფრო გადამწყვეტი და ა.შ.

– ეს მაინც შიდა კულუარებია. ოფიციალური დარღვევები თუ იყო ამ გაერთიანების პროცესში?

–  მე თუ მკითხავთ, საერთოდ ეს გაერთიანება იყო მთლინად დარღვევა და ძალიან არალოგიკური ნაბიჯი გადადგა ქვეყანამ.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევას, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო? ორი მუნიციპალიტეტი გააერთიანეს და ამ პროცესში კანონის დარღვევა ბევრი არაფერი ყოფილა, ვიმეორებ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თავად გაერთიანების გადაწყვეტილება იყო არასწორი.

– რაც ეს ორი მუნიციპალიტეტი გაერთიანდა, რაიმე კონკრეტულ შედეგზე თუ  შეიძლება საუბარი, დადებითი რა მოიტანა ამ გაერთიანებამ?  

შედეგი შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. ამ შემთხვევაში, შედეგი ისაა, რომ ქალაქში უფრო მეტი რამ კეთდება, ვიდრე სოფლებში. ქალაქს შეეტყო, რომ გზების ძირეული შეკეთება დაიწყეს, რომლებიც აქამდე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. საბოლოო შედეგად კი, ალბათ, მივიღებთ იმას, რაც მანამდე – 2014 წელს ქალაქისა და თემის გაყოფამდე გვქონდა – ყურადღების და ხარჯების  ძალიან დიდი ნაწილი ქალაქისკენ გადმოიწევს და სოფლებში ის მცირეც კი, რაც აქამდე კეთდებოდა, როდესაც ცალკე მუნიციპალიტეტი არსებობდა, უფრო მეტად შემცირდება. მომავალში ეს კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება, რადგან პირველ ჯერზე მაინც თავი შეიკავეს, ხმაური რომ არ მოჰყოლოდა. ვფიქრობ, საბოლოოდ, სოფლების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან ის მცირეც კიდევ უფრო შეუმცირდებათ, რაც აქამდე ჰქონდათ. ცხადია, ფული იხარჯება იქ, სადაც მეტი ხალხია და ქალაქი ყოველთვის მოგებული იქნება ამ მხრივ.

ვფიქრობ, საბოლოოდ, სოფლების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან ის მცირეც კიდევ უფრო შეუმცირდებათ, რაც აქამდე ჰქონდათ.

– ამ გადაწყვეტილების მიღებისას  ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ გაორმაგებული იყო სტრუქტურები, რაც მეტ ხარჯს იწვევდა და გაერთიანებით სწორედ  ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდებოდა. შედეგი როგორია, შემცირდა ეს ხარჯები და არის თუ არა მონაცემები, რამდენი დაიზოგა?

–  რამდენადაც მე ვიცი, არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა იმიტომ, რომ ახალი შტატები დაემატა. იგივე საკრებულოებში ფრაქციების მოადგილეების რაოდენობა გაიზარდა, რაც, ცხადია, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. შემცირდა აიპ-ების რაოდენობა, მაგრამ ისე, რომ მოხდა გაერთიანება და არა გაუქმება. ადრე თუ, მაგალითად, ათი ა(ა)იპ იყო, ახლა ორია, მაგრამ შტატების რაოდენობა  ამ ორში იგივეა, რაც ათში  იყო და შემცირებაზე საუბარი აქაც არ არის. ამიტომ არანაირ ეკონომიკურ ეფექტზე საუბარი არ შეიძლება. ასე რომ, ის არგუმენტაცია, რაც  ჰქონდათ და რასაც ეყრდნობოდნენ, სწორი არ გამოდგა.

– სხვა მუნიციპალიტეტების საქმიანობას როგორ აფასებთ, არის თუ არა გამჭვირვალე?  რა პრობლემებია ამ მხრივ?

მთავარი პრობლემა არაფორმალური გავლენებია. ეს გავლენები, ცხადია, გამჭვირვალე ვერ იქნება, რადგან არაკანონიერია. ის, რომ გუბერნატორმა დავალება არ უნდა  მისცეს მერს, ეს კანონში წერია, მაგრამ რომ აძლევს, ესეც ფაქტია. იგივე ეხება უშიშროებიდან ზარებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გამჭვირვალე არაა და ხმამაღლა ამაზე ადმინისტრაციები არ საუბრობენ.

კანონით გაწერილი პროცედურები, ასე თუ ისე, გამჭვირვალეა, მაგრამ გაუმჭვირვალეა ის გავლენები, რომელიც არაფორმალურად არსებობს. ეს ადრეც ასე იყო და, სამწუხაროდ, იგივე დარჩა. უფრო მეტიც, ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ გაუარესდა კიდეც. გაუმჭვირვალობის მომენტი არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არა – შესრულებაში. ზოგადად, გამჭვირვალობა იმდენად არსებობს, რამდენად ნაკლებია არაფორმალური მმართველობები და ცხადია, გამსხვილებულ მუნიციპალიტეტში  ეს არაფორმალური გავლენა გაცილებით მეტი იქნება იმიტომ, რომ  ცოტა ადამიანია, ვისზეც გავლენა უნდა მოახდინო. თანაც, უფრო მეტი ფულია და, შესაბამისად, მეტი ინტერესია. რაც მთავარია, ფაქტებით ამის დამტკიცება ძნელია, რადგან ყველაფერი ჩუმად ხდება, წინააღმდეგობას არავინ სწევს და არც ხმამაღლა ლაპარაკობს. არავინ არის გმირი, რომ გამოვიდეს და სისტემას დაუპირისპირდეს. მით უმეტეს, ახლა, როდესაც მმართველი პარტიის გავლენა ძალიან მაღალია, ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხი – ძალიან დაბალი და ფაქტობრივად, თვითმმართველობაც არ არსებობს.

როდესაც საკუთარი შემოსავლები ძალიან მწირი გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვაზე ხარ დამოკიდებული და, შესაბამისად, გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად ვერ იღებ. ეს ყველაფერი კი სწორედ ამ არაფორმალურ მმართველობას უწყობს ხელს.

– მუნიციპალიტეტებს საკუთარი შემოსავლები რომ ჰქონდეთ, ცხადია, ეს საერთო პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა  დამოკიდებული, მაგრამ ადგილზე თუ არის ამაზე მსჯელობა და მოთხოვნა, რომ რეფორმა ამ მიმართულებით გასატარებელია?         

–  ეს არის პრობლემების კომპლექსი და მხოლოდ ის, რომ მოდი, ფული მივცეთ, არაფერს გადაწყვეტს. უბრალოდ, უფრო მეტი ფული დაიხარჯება ნაკლები მონაწილოებით.

აქ მთავარია 3 ძირითადი საკითხი – მუნიციპალიტეტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება და უფლებები, უნდა ჰქონდეს საკუთარი ფული ამ უფლების განსახორციელებლად და უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების   მიღებაში. ამ სამიდან ყველა თუ არ შესრულდა, რომელიმე ცალკე აღებულს აზრი არა აქვს. გარდა ამისა, პოლიტიკური გავლენებისგან უნდა იყოს თავისუფალი. საკრებულო რეალურად არის მინიპარლამენტი, სადაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს  პოლიტიკურ საკითხებზე ებრძვიან და არა თემისთვის საჭირო და არსებით საკითხებზე.

ერთ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს ქალაქის მართვის ინტერესი და ებრძვის მეორე პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც მართავს. ასე რომ, თვითმმართველობის ინტერესებსა და მოსახლეობის საჭიროებაზე ლაპარაკი კი არ მიდის, არამედ პოლიტიკური გავლენების გაძლიერებისთვის ბრძოლაში ატარებენ დროს. ამ მოცემულობაში კი არანაირ თვითმმართველობის არსებობაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ყოველთვის ამას ვამბობ, რომ კანალიზაციის პრობლემის  მოგვარებაში  მემარჯვენე და მემარცხენე არ არსებობს. კანალიზაცია არის კანალიზაცია და ამაზე პოლიტიკური გავლენა არ უნდა არსებობდეს, თორემ მივიღებთ იმას, რომ მემარჯვენეები მემარცხენეებს დასცხებენ და საბოლოო ჯამში, კანალიზაციას არავინ გააკეთებს.

– კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას მოსახლეობის აზრს თუ ითვალისწინებენ?  სოფლის კრება თუ ტარდება ან პეტიცია თუ შეუტანიათ მოქალაქეებს და მერე ამაზე რეაგირება ყოფილა?

–  მცდელობა იმისა, რომ მოსახლეობის აზრი გაითვალისწინონ, მათ ინტერესებშივეა. მეორეა, ამის ტექნოლოგია და პოლიტიკური ნება არსებობს თუ არა და მესამე – რამდენად არ დაეზარებათ ამის გაკეთება.

სოფლის კრების ჩატარება ჩართულობის კარგი მექანიზმია.

კანონით, სოფელს აქვს კრების ჩატარების საშუალება, მაგრამ კრებაზე ადამიანი რატომ უნდა მივიდეს? მოტივაცია არ არსებობს. მათ გარეშე უკვე გადაწყვეტილ საქმეზე ტაშის დასაკრავად არავინ მივა.

მით უმეტეს, ჩვენი გლეხი, რომელსაც საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა, სამწუხაროდ, ძალიან დაბალი აქვს. გარდა ამისა, არავის სჯერა, რომ მათ აზრს გაითვალისწინებენ, ამიტომაც მოტივაცია არ არსებობს. მთავრობა კიდევ ყველანაირად  ეცადა,  რომ ის მთავარი მამოტივირებელი, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო გლეხისთვის, მაქსიმალურად ამოეღო. ამიტომ, რაც არის, მკვდრადშობილი  მექანიზმია. კი, არასამთავრობო სექტორისთვის ძალიან კარგია, რომ კრების საშუალებით კონკრეტული საკითხების ადვოკატირება მოახდინონ, მაგრამ ის, რომ თავად თემში მოხდეს კრების ორგანიზება, ძალიან უპერსპექტივოა. იმედი არ არსებობს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მართლაც ჩაერთვებიან დ მათ აზრს ვინმე გაითვალისწინებს. მხოლოდ ლაპარაკისთვის და შესაკრებად კი კანონი რაში სჭირდებათ?

– არასამთავრობო სექტორი ადგილზე რა პროექტებს ახორციელებს იმისთვის,  რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას დაეხმაროს ნებისმიერი კუთხით?

–  ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ, რომ რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ არასამთავრობო სექტორის პრობლემა ისაა, რომ ჩვენ დღეს გარკვეული მიმართულებით რომ ვმუშაობთ, არ ვიცით, ხვალ  ეს მიმართულება გაგრძელდება თუ არა. დღეს ეს პოლიტიკური ვითარება რომ არის და რაღაცას ვაკეთებთ, არ ვიცით, ხვალ პოლიტიკური ვითარება რომ შეიცვალოს, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით როგორი იქნება  ამ სისტემის მიდგომა. ესაა პრობლემა.

– რა რეკომენდაციები გაქვთ როგორც ცენტრალური  ხელისუფლების, ისე თვითმმართველობის  მიმართ? 

–  მთავარი არის ის, რომ რეალური რეფორმა გაატარონ, იმიტომ, რომ ნახევრად გადადგმული ნაბიჯები, პირიქით, ანგრევს ყველაფერს. სისტემური რეფორმაა საჭირო. 125 000 ადამიანისგან შემდგარ თვითმმართველობაში, მით უმეტეს, ასეთი გეოგრაფიის და ასეთ სპეციფიურ რეგიონში, არ შეიძლება, ეფექტური თვითმმართველობა არსებობდეს. აქ საკითხების კომპლექსია. მთავარია, რომ რეალური რეფორმაა საჭირო და არა – გამოხშირვით რაღაცის მიღება და რაღაცაზე უარის თქმა. ხელი უნდა შეეწყოს იმას, რომ ადგილზე ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება.

ახლა არის ის, რომ ცენტრიდან მოდის დავალება და ესენი ასრულებენ. ეს არა თვითმმართველობა? სისტემა არ შეცვლილა და რაზე უნდა ვილაპარაკოთ?  სისტემაა შესაცვლელი და ამისთვის პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს. ამის გარეშე არაფერი გამოვა.