სიტი პარკმა, თბილისის მერიის წინააღმდეგ, ბრიტანული იურიდიული კომპანია დაიქირავა

890

კომპანია „სიტი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა. ამის შესახებ  „სიტი პარკის“ იურისტმა თამარ შუბითიძემ თქვა. შუბითიძის განცხადებით, კომპანია „ფრეშ ფილდი“ საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით მუშაობს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„კომპანია „ფრეშ ფილდის“ მიერ უკვე გაგზავნილია მოთხოვნა მერიაში საქმის მასალების გადაცემისა და შეხვედრების ჩანიშვნის მოთხოვნით, რათა დეტალურად გაერკვნენ საქმის ვითარებაში და ჩაერთონ პროცესში. ეს არის კომპანია, რომელიც შემდგომში, მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში, იქნება კომპანიის წარმომადგენელი საერთაშორისო არბიტრაჟში.

კომპანიის მიერ ერთი წერილი 17 აპრილს გაიგზავნა თბილისის მერიაში, რაზეც მერიამ კომპანიის მხრიდან მინდობილობის წარდგენა მოითხოვა, თუმცა დაადასტურეს, რომ მზად არიან ნებისმიერი შეხვედრისთვის. რაც შეეხება ბოლო წერილს, ის 4 მაისს არის გაგზავნილი და უახლოეს დღეებში ველოდებით პასუხს შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით“, – განაცხადა შუბითიძემ.

რაც შეეხება სარჩელის განხილვას, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში „სიტი პარკმა“ შეიტანა, როგორც შუბითიძე აცხადებს, საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

კომპანია “სიტი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 13 მარტს განაცხადა, რომ 10 აპრილიდან კომპანიას ხელშეკრულებას გაუწყვეტდა.

10 აპრილს სიტი პარკი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ჩაანაცვლა.