საბავშვო ბაღებში პედაგოგებს მობილური ტელეფონით სარგებლობა ეზღუდებათ

790

საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს სამუშაო საათებში მობილური ტელეფონის პირადი დანიშნულებისთვის გამოყენება ეზღუდებათ. ბაღის თანამშრომლებს მობილურის გამოყენება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობისას შეეძლებათ. ინფორმაციას reginfo ავრცელებს.

შეზღუდვა გორის, მარნეულის, თელავის, ახალციხის, ვანის, ამბროლაურის, ზუგდიდის, ბორჯომის, ბაღდათისა და თერჯოლის საკრებულოებმა დააწესეს.

საკრებულოების მიერ მიღებულ დადგენილებაში წერია, რომ პერსონალმა სამუშაო საათებში თავი უნდა შეიკავოს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, გარდა სამსახურებრივი საჭიროებისა და საგანგებო მდგომარეობისა; დაწესებულების კუთვნილი ტელეფონი კი მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს.

საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც ცხადდება ომიანობის, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების, სტიქიურ უბედურების ან დიდი ავარიების შემთხვევებში. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, შემდეგ კი 48 საათში მიმართავს პარლამენტს დასამტკიცებლად.