ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, მშპ-სთან მიმართებაში, გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ახალციხეში, „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის პირველ ყოველწლიურ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს არის ევროპის დღე. თბილისში დიდი ზეიმი იმართება ამასთან დაკავშირებით და მე მოხარული ვარ რომ დღეს აქ, ახალციხეში ჩვენ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას ვუყრით საფუძველს – „დიალოგი სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის“. მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს ამ ინიციატივისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომლის დაწყებაც ჩვენ სულ ცოტა ხნის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად დავაანონსეთ და უმნიშვნელოვანესია, ის სრულიად ახალი ტენდენცია, რომელსაც 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი, თვითმმართველობის ახალი კანონის მიღებით, რომელმაც აბსოლუტურად სხვა ჩარჩო ჩამოაყალიბა უფლებამოსილებების გამიჯვნის, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის და რომელმაც დასაბამი მისცა უფლებამოსილებების სულ სხვა დონეზე გამიჯვნას და განვითარებას. მათ შორის რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსების სხვანაირ განაწილებას და კომპეტენციების გამიჯვნას. ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტია ეს რეფორმა, ჩვენი მომავალი რეფორმების რიგში“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა, რეგიონებში არსებული უთანასწორო ცხოვრების დონეების გათანაბრებაა.
„მას შემდეგ რაც ჩვენ ზურგს უკან გვაქვს მნიშვნელოვანი, ძირეული რეფორმები, ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უდაოდ იკავებს პირველ ადგილს მომავალი რეფორმების სიაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა გახლავთ ცხოვრების დონის გათანაბრება სხვადასხვა რეგიონებს შორის და ეს უთანასწორობა, რაც დღეს გვაქვს ჩვენ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეფორმას სჭირდება ადამიანური რესურსი. გარდა იმისა, რომ ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში იქნება გაცილებით უფრო მეტი ჟანგბადი, გაცილებით უფრო მეტი ფინანსური რესურსი, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმასაც, რომ უნდა იყოს გაცილებით უფრო მეტი კომპეტენცია. არ მინდა ვინმემ ეს შეურაცხყოფად მიიღოს, მაგრამ რა თქმა უნდა, რეგიონულ ხელისუფლებებში ჩვენ გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს დღეს ადამიანური რესურსი, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი გვინდა. ჩვენი სურვილია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მიიღებენ საუკეთესო განათლებას, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, იყვნენ მოტივირებული, რომ წავიდნენ და თავიანთ რეგიონს, თავიანთ სოფელს, თავიანთ რაიონს ემსახურონ. სწორედ ამ რეფორმის შედეგი იქნება ის, რომ რეგიონებში იქნება გაცილებით უფრო მეტი საშუალება მათთვის დასაქმების და მათი პოტენციალის რეალიზების“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვისას კვირიკაშვილმა.
„მთავრობა თავისი 4-პუნქტიანი გეგმით და განსაკუთრებით სივრცითი დაგეგმარების გეგმით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამ რეფორმის განვითარებაში და ბუნებრივია, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ დავასრულებთ ძირითად სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, მთავარი აქცენტი გაკეთდება უკვე რეგიონებზე. დღესაც, რა თქმა უნდა, ბევრი პროექტი მიმდინარეობს: წყალმომარაგების, გაზიფიცირების, რეგიონული გზების მშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღორძინების, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი მომავალში რამდენიმეგზის გაიზრდება ჩვენი პრიორიტეტიდან გამომდინარე, რომ რეგიონული დაფინანსება ორჯერ გავზარდოთ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მშპ-ც გაიზრდება ამ პერიოდში. ასევე გამომდინარე იქიდან, რომ შიდაპრიორიტეტებში გადანაწილება ცენტრალური, სატრანზიტო მაგისტრალებიდან და ინფრასტრუქტურიდან, უკვე მოხდება კიდევ უფრო მეტად ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ქვეყნის მასშტაბის პრობლემების გადაწყვეტაშიც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა