თბილისში ავტობუსები და მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

683
პარლამენტმა 77-ხმით, მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვით, თბილისში, ავტობუსებისა და ე.წ. მიკროავტობუსების გაჩერება მხოლოდ გაჩერებებზე იქნება ნებადართული.  ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, თბილისის მთავრობამ საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან.

გათვალისწინებულია ფინანსური ჯარიმებიც. კერძოდ, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მხრიდან დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის დარღვევა – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ავტობუსების გაჩერებების ადგილებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ან დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება.

დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.