დედაქალაქში მომავალ კვირას პირველი ელექტროავტობუსი გამოჩნდება. ამის შესახებ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განაცხადა. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
ელექტროავტობუსის მოძრაობა 61-ნომერი ავტობუსის ხაზზე იგეგმება, რომლითაც ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს მგზავრობას.
„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ელექტროავტობუსი. მერიასთან მოლაპარაკების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ 61-ნომერ ავტობუსზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმოძრაოს და მოემსახუროს მოსახლეობას, რათა ნახონ რამდენად კომფორტულია, უსაფრთხოა და ა.შ. ეს არის 35-ადგილიანი ავტობუსი,“-აღნიშნა პატარაიამ.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ფრეგობასი“ ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებას გეგმავს. როგორც მურმან პატარაიამ აღნიშნა, საქართველოში ზუსტად ისეთი ელექტროავტობუსების წარმოება მოხდება, რომელიც რამდენიმე დღეში გამოჩნდება.