მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გორს 5 კეთილმოწყობილი სკვერი შეემატება.
უწყების ცნობით, წმინდაწყლის დასახლებაში, სუხიშვილის, ყიფიანისა და სტალინის ქუჩებზე სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაიგეგმა.
„აღნიშნული პროექტების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უშუალოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. ამ ეტაპზე პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულია ტენდერები.
სატენდერო პირობების მიხედვით სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
წმინდაწყლის დასახლებაში და სტალინის №5-ის მიმდებარედ, სადაც ახალი სკვერების მოწყობა იგეგმება, პროექტების მიხედვით სავალ ბილიკებზე დაიგება დეკორატიული ფილები, დამონტაჟდება სკამები, ნაგვის ურნები, გარეგანათება და მოეწყობა მწვანე საფარი. სკვერების მოწყობა – რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა – 97 519 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო“, – აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.