ასპინძის გამგეობიდან წინასაარჩევნოდ წასული თანამშრომლები წამყვან პოზიციებზე დააბრუნეს

1262

წინასაარჩევნოდ, ასპინძის გამგეობიდან, სამ დღეში შვიდი თანამშრომელი წავიდა, მაშინ მათი უმეტესობა აცხადებდა, რომ დაიღალა, თუმცა, არჩევნების შემდეგ, შვიდიდან ხუთი თვითმმართველობაში წამყვან პოზიციებზე სამუშაოდ დაბრუნდა. ინფორმაციას სახმრეთის კარიბჭე ავრცელებს.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ასპინძის თვითმმართველობაში დავით პაპაშვილი მერის მოადგილედ, სლავა სუარიძე- ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად, ანა ტივაძე საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ, მიხეილ მაისურაძე ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში პირველი კატეგორიის სპეციალისტად, ტარიელ აფციაური კი სოფელ იდუმალაში მერის წარმომადგენლად დაინიშნა.

ხუთივე მათგანმა თვთიმმართველობის არჩევნებამდე, სამ დღეში, 10–დან 13–ოქტომბრამდე, ასპინძის მუნიციპალიტეტის მაშინდელ გამგებელს ლევან ცაბაძეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. გარდა სუარიძისა, მაშინ ყველა შვებულებაში იყო. მიუხედავად ამისა, მიზეზად დაღლილობას ან ოჯახური მდგომარეობის გამო მოუცლელობას ასახელებდნენ.

თუმცა მაშინ ‘სამხრეთის კარიბჭეს’ კონფიდენციალური და სანდო წყარო ამბობდა, რომ მათზე ზეწოლას სუს–ის თანამშრომლები ახდენდნენ. მიზანი კი ის იყო, რომ ასპინძის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატისთვის, ლევან ცაბაძისთვის, რომელიც ამავე დროს მუნიციპალიტეტის გამგებელიც იყო ალიბი შეექმნათ, რომ ის თანამშრომლებს, რომლებიც მას მხარს არ უჭერენ, სამსახურიდან ყრიდა ან მათზე ზეწოლას ახორციელებდა: “ან სულაც ის ეფიქრა ხალხს, რომ ცაბაძეს მხარს არ უჭერენ და გაურბიან. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ ცაბაძეს “ქართული ოცნების” კანდიდატზე, როსტომ მაგრაქველიძეზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა”.

არჩევნებში “ოცნების” მერობის კანდიდატმა, როსტომ მაგრაქველიძემ გაიმარჯვა. პირველი ვინც მან ცაბაძის დროს თვითმმართველობიდან წასულ თანამშრომლებს შორის დაასაქმა, დავით პაპაშვილი იყო: “მოადგილედ, ბუნებრივია, მე დავნიშნე, ნეტა ყველა იყოს ისეთი კარგი თანამშრომელი, როგორიც პაპაშვილია”.

არჩევნებამდე დავით პაპაშვილი ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. შეკითხვაზე, რატომ დაბრუნდა ერთ თვეში ისევ მერიაში სამუშაოდ, გვპასუხობს: “სხვა გეგმები მქონდა, სხვა მხრივ ვაპირებდი განვითარებას, მაგრამ კარგი შემოთავაზება მივიღე და დავთანხმდი”.

იურიდიულ განყოფილების უფროსი იყო სლავა სუარიძე. მაშინ, როცა მან სამსახურის დატოვებაზე განცხადება დაწერა, აცხადებდა, რომ 36 წელი საჯარო სამსახურში მუშაობით დაღლილი იყო და დასვენება სჭრიდებოდა. თუმცა, მან არჩევნების შემდეგ ისევ საჯარო სამსახურში უფრო საპასუხისმგებლო პოზიცია დაიკავა. მიმდინარე წლის 15 თებერვალს ადმინისტრაციის სამსახური ჩაიბარა: “დაღლილი ვიყავი, დავისვენე, სახლში რემონტიც გავაკეთე და დავბრუდნი”, – ამბობს სუარიძე.

სამთვიანი პაუზის შემდეგ, იგივე პოზიციაზე, სოფელ იდუმალაში მერის წარმომადგენლად, დაბრუნდა ტარიელ აფციაური. არჩევნებამდე სამსახურიდან წასვლის მიზეზად იგი, საშემოდგომო სამუშაოებს ასახელებდა. ამბობდა, რომ კარტოფილი ჰქონდა ამოსაღები და მუშაობას ვეღარ ასწრებდა: „წელს ყანები ცარიელი დავტოვე, კარტოფილი აღარ დავთესე და მუშაობა ისევ მერიაში დავიწყე“.

თანამშრომლებისგან განსხვავებით, წინასაარჩევნო პერიოდში, სამსახურის დატოვების მიზეზებზე არ უსაუბრია ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს ანა ტივაძეს. ახლა კი ამბობს, რომ მიზეზი არჩევნები იყო: „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის წევრი ვიყავი და ამიტომ წამოვედი სამსახურიდან“.

შეკითხვაზე, თუ სამსახურის დატოვების მიზეზი მხოლოდ არჩევნები იყო, მაშინ ამაზე რატომ არ საუბრობდა, გვპასუხობს: „ყველას წინაშე ჩემი გადაწყვეტილებების აფიშირება არ მინდოდა“.

ხუთივე მათგანი ამბობს, რომ მაშინ მათზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა. მიუხედავად მათი განცხადებებისა, ასპინძის ყოფილი გამგებელი ლევან ცაბაძე დარწმუნებულია, რომ მაშინ ყველა მათგანს სამსახური უკეთესი დაპირების იმედად დაატოვებინეს და ამით წინასაარჩევნოდ, მისი როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის იმიჯის შელახვას ეცადნენ. არჩევნების შემდეგ კი წამყვან პოზიციებზე მათი დაბრუნებით ეს ვარაუდი დადასტურდა.

“უნდოდათ ხალხისთვის ეჩვენებინათ, რომ თანამშრომლებზე ზეწოლას ვახორციელებდი ან ისინი გამირბოდნენ სამსახურებიდან, მაგრამ ახლა ხომ მაინც გამოჩნდა, რომ რეალურად მე არაფერ შუაში ვარ და ეს ყველაფერი წინასწარ გათვლილი ჰქონდათ”, – ამბობს ცაბაძე.

კატეგორიულად უარყოფს როგორც ზეწოლის, ასევე, წინასწარ თანამშრომლებისთვის რაიმეს დაპირების ფაქტს, ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე: “ალბათ გახსოვთ ასპინძაში როგორი დაძაბული წინასაარჩევნო გარემო იყო. მაშინ ეგეთ რამეს რომ ვინმეს დაპირებოდი, ძალიან არარეალური იყო”.

ხუთი თანამშრომლიდან სამი – სუარიძე, აფციაური და მაისურაძე ასპინძის მერიაში კონკურსის წესით შეირჩნენ. მაგრაქველიძე ამბობს, რომ “წინასაარჩევნოდ შეუძლებელი იყო ვინმეს წარმოდგენა ჰქონოდა, საკონკურსოდ შექმნილი კომისია მერიაში საჯარო მოხელეებად ვის შეარჩევდა”.

შეგახსენებთ, რომ ასპინძაში, 2017 წლის არჩევნებამდე გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ასპინძის მკვიდრს გიორგი ინასარიძეს ადანაშაულებდნენ. ინასარიძის ოჯახი არჩევნებში მხარს “ქართული ოცნების” კანდიდატს როსტომ მაგრაქველიძეს უჭერდა.