საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით, 2017 წელს მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო (მთის კურორტი) მომსახურების შესყიდვას. არამართლზომიერი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა ყალბი მონაცემები შეიტანეს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ამსახველ დოკუმენტებში, კერძოდ 179 000 ლარის ღირებულების საკურორტო მომსახურება თითქოსდა გაეწია 600 პირს, მაშინ როდესაც, გაწეული მომსახურების ამსახველ დოკუმენტებში დაფიქსირებულ პირთა ნაწილს მომსახურება საერთოდ არ მიუღია, ხოლო ნაწილმა არასრული მოცულობით მიიღო.
აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, კომპანიის ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 34 775 ლარს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ხსენებული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების სრულყოფილად შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა ევალებოდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, არ გადაამოწმეს ტენდერით გათვალისწინებული საკურორტო მომსახურებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა და არ შეისწავლეს კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია გაწეული მომსახურების შესახებ, სადაც აშკარად იკვეთებოდა მონაცემების გაყალბების ფაქტი – ტენდერით გათვალისწინებული მომსახურებით მოსარგებლე პირთა ხელოვნურად გაზრდილი რაოდენობა და გაწეული მომსახურების მოცულობა. აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3, ასევე 342-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.