გორის მერია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის პროექტს იწყებს

768

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ზემო ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირის სახელობის სკოლაში ჭრა-კერვის შემსწავლელ წრეს აფინანსებს.

პროექტის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების – ზემო და ქვემო ნიქოზისა და ზემო ხვითის სოფლის 16 ბავშვი ჭრა-კერვას უფასოდ შეისწავლის.

გორის მერიის ცნობით, მოსწავლეები შეკერავენ საეკლესიო დანიშნულების ტანსაცმელს, მონაწილეობას მიიღებენ ხელნაკეთი ნივთების გამოფენებში და დაამზადებენ სასაჩუქრე ნივთებს.ხალხური რეწვის განვითარების მიზნით, მიმდინარე პროექტის საფუძველზე, სკოლის დირექცია გეგმავს საკერავი ქსოვილების ადგილზე წარმოებასაც.

პროექტის მიზანია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სადაც დიდია მიგრაციის მაჩვენებელი, შეიქმნას ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დამატებითი პროფესიის შესწავლისა და შესაძლებლობების რეალიზების ხელშემწყობი გარემო.
პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან 4 300 ლარით აფინანსებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჭრა-კერვის წრის გარდა კიდევ 5 პროექტი ფინანსდება, მათ შორის, ტრადიციული კერამიკისა და ტიხრული მინანქრის შემსწავლელი წრეები.