საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა იწყება

958

წინა სტატია

საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა იგეგმება. ამ ეტაპზე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე აღრიცხვის ჩატარება შემოფარგლულია მხოლოდ მართვის ორგანოების სამოქმედო არეალით, რაც იმას ნიშნავს, რომ მართვის ორგანოებს არ აქვთ უფლება, განახორციელონ აღრიცხვა სხვა ფართობებზე. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.

ამასთან დაკავშირებით, ცვლილებები შედის “საქართველოს ტყის კოდექსში“, რომელსაც პარლამენტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით იხილავს. კანონპროექტის ინიციატორის სულხან მახათაძის თქმით, ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზანია ქვეყნის მთელი ტერიტორიის ტყეების აღრიცხვა. ამისთვის კი საჭიროა გაჩნდეს ნორმა – “საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა“, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდისა და საქართველოში საკუთრების სხვა ფორმებით არსებული ტყეების და მათი რესურსების ერთობლიობას.

პირველი ტყის ეროვნული აღრიცხვა იგეგმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გრანტის ფარგლებში, სრულიად საქართველოს მასშტაბით. პროექტი, რომელსაც GIZ ახორციელებს, მაისიდან დაიწყება.