თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მამუკა კობახიძის განცხადებით, მეტრო „გურამიშვილი“ მიმდინარე კვირას გაიხსნება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„გურამიშვილის“ მეტროსადგურს ვასუფთავებთ და ამ კვირაში გაიხსნება. დასრულდა სამუშაოები, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო, როდესაც მგზავრებით არ არის დატვირთული სადგური. მაქსიმუმ 2-3 დღეში სადგური დასრულდება. რაც შეეხება სრულ რემონტს, ეს ალბათ, 3-4 თვეში დასრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.
ასევე დასრულებულია „ვარკეთილის“ და „სამგორის“ მეტროების შემოწმების პროცესი და სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება. ხოლო „ავლაბრის“ მეტროს შემოწმების შესახებ პასუხი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მერიამ მეტროსადგურების “გურამიშვილის”, “სამგორისა” და “ავლაბრის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით იანვარში შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.