ბოლო სამ წელში აჭარაში 1 ლარად 9 ჰექტრამდე მიწა გასხვისდა

564

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, სახელმწიფომ 88 819 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა, სხვადასხვა პირობებით, რეგიონში ადგილობრივ კომპანიებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა. ინფორამციას “კომერსანტი” ავრცელებს.

აქედან ყველაზე მეტი – 61 ათას 433 კვ. მ. (6 ჰა) ქობულეთში, ხოლო ყველაზე ნაკლები – 2 ათას 944 კვ. მ. შუახევშია გასხვისებული.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში  სახელმწიფომ დაინტერესებულ ფირმებს 24 ათას 442 კვ. მ. (2,5 ჰა–მდე) მიწა და მასზე დამაგრებული შენობა–ნაგებობები გადასცა. ბათუმში, ქედასა და ხულოში კი პროგრამის ფარგლებში, ამ დრომდე, არცერთი უძრავი ქონება არ გასხვისებულა.

აჭარაში გასხვისებული მიწის ნაკვეთები რვა კომპანიაზეა გადანაწილებული. მათგან ყველაზე მეტი – 40 ათას კვ. მ. (4 ჰა) „შპს „ენ–ეიჩ–ელ 43“–ს, დაბა ოჩხამურში, საკონდიტრო და პურ–ცომეულის საწარმოს მოწყობისთვის აქვს გადაცემული. სიდიდით მეორე – 7 ათას 695 კვ. მ. ფართობის მქონე უძრავი ქონება, ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში, სამშენებლო საწარმოს მოწყობისთვის გადაეცა „შპს DAR CAPITAL“–ს, ხოლო მესამე – 7 ათას 117 კვ. მ. ამავე ზონაში „შპს BS METAL GROUP“-ს, ხელოვნური ქვის საამქროს მოწყობისთვის.

კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში საინვესტიციო პირობებით გასხვისდა, 5 ათას 441 კვ. მ. ფართობის არის და მასზე „შპს ბლოკს“ ცემენტისა და ანალოგური მასალების საწარმოს მოწყობის ვალდებულება აქვს აღებული. რაც შეეხება სხვა უძრავ ქონებებს, 5 ათასი კვ. მ. ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე „შპს გლობალ თრეიდ“–ს თხილის, 4 ათას 189 კვ. მ. დაბა ხელვაჩაურში „შპს თ.ე.მ.ი ქაფბლოკ“–ს სამშენებლო მასალების, ხოლო 2 ათას 944 კვ. მ. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურში კოოპერატივ „აგროეკოსურსათს“ მაღალტექნოლოგიური მესაქონლეობის ფერმის მოწყობის ვალდებულებით აქვს გადაცემული.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი მიწა, რომლის ფართობიც 16 433 კვ. მ.–ია და მდინარე კინტრიშის სანაპიროზე მდებარეობს, სააგენტომ „ნგ ჰოლდინგს“ მეთევზეობის კომპლექსის მოსაწყობად ახლახანს გადასცა. სწორედ ეს ნაკვეთია ჩამოთვლილებს შორის ყველაზე ძვირადღირებული და სააგენტოს ის მილიონ 462 ათას 537 ლარად აქვს შეფასებული.

რაც შეეხება სხვა ქონებების ღირებულებას, „შპს BS METAL GROUP“–ისთვის გადაცემული 347 ათას 040 ლარად, „შპს ბლოკი“–სთვის გადაცემული 338 ათას 666 ლარად, „შპს DAR CAPITAL“–ისთვის გადაცემული 325 ათას 986 ლარად,  „შპს თ.ე.მ.ი ქაფბლოკისთვის“ გადაცემული 259 ათას 836 ლარად, „შპს გლობალ თრეიდი“–სთვის გადაცემული 207 ათას 918 ლარად, „შპს ენ–ეიჩ–ელ 43“–ისთვის გადაცემული 80 000 ლარად, ხოლო „აგროეკოსურსათი“–სთვის გადცემული 40 ათას 194 ლარად არის შეფასებული. საერთო ჯამში კი ქონების ღირებულება 3 მილიონ 062 ათას 177 ლარს შეადგენს.

სახელმწიფოსთან დადებული შეთანხმებით, შვიდმა კომპანიამ აღებული ვალდებულებები მიმდინარე წლის სექტემბრამდე უნდა შეასრულოს. „ნგ ჰოლდინგს“ კი, როგორც პროგრამაში ახლადჩართულ კომპანიას, ამისათვის 2- წლიანი ვადა ახლა განესაღვრა.