გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქვახვრელში საბავშვო ბაღის შენობის მოწყობის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაობის სატენდერო ღირებულება 49 744 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
ტენდერის პირობების მიხედვით წინადადებების მიღების ბოლო ვადად 11 მაისი განისაზღვრა.
პროექტის მიხედვით განხორციელდება ქვახვრელში არსებული ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია, მოეწყობა ახალი საკომუნიკაციო და ელოქტრო გაყვანილობის სისტემები.
უწყების ცნობით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შენობა-ნაგებობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.
ქვახვრელის საბავშვო ბაღმა ნაქირავებ ფართში ფუნქციონირება 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. ორგანიზაციის ალტერნატიულ ფართში განთავსების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის შენობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო. სააღმზრდელო დაწესებულების ამორტიზირებული შენობა საფრთხეს უქმნიდა ბავშვების ჯანმრთელობას. ალტერნატიულ ფართში განთავსების მიუხედავად ბაღის აღსაზრდელებს კვლავ არასახარბიელო პირობებში უწევთ ყოფნა.
მუნიციპალიტეტში განმარატავენ, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ბავშვებს არსებული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.
ამ ეტაპზე ქვახვრელის საბავშვო ბაღი ასამდე აღსაზრდელს ემსახურება.