საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა პარლამენტს, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე, შეცვალოს “საარჩევნო კოდექსი” და საარჩევნო რეფორმის განხორციელება არა 2024 წელს, არამედ ახლავე დაიწყოს. ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
“დემოკრატია და ხელისუფლების გადანაწილება არის პასუხი მთელ იმ პრობლემებზე, რაზეც თქვენ მე მოგახსენებდით. საქართველოს ისტორიის მაგალითები ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და დემოკრატიული პროცესი დღეს უნდა მივცეთ ხალხს. ეს უნდა ხორციელდებოდეს როგორც თვითმმართველობის დონეზე, ასევე, სხვა დონეებზე. ამიტომ ჩემი ყველაზე დიდი მოწოდება და რჩევაა, სანამ შევიდა კონსტიტუცია ძალაში, შევცვალოთ საარჩევნო კოდექსი და არა 2024 წელს, არამედ დღესვე ვიფიქროთ ამ კანონის ცვლილებაზე და ხელისუფლების გადანაწილებაზე, რომელიც იქნება სერიოზული წინაპირობა ქვეყნის და მმართველი პარტიის სტაბილურობისათვის”, – მიმართა მარგველაშვილმა პარლამენტის წევრებს.
პრეზიდენტმა დღეს მთავრობა და პარლამენტი თვითმმართველი ქალაქების გაუქმების გამოც კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.