თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილის გაფიცვის გამო ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მემანქანეებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“ წევრებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას წაუყენეს მოთხოვნა, მეტროს მემანქანეებისთვის სახელფასო განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ, კავშირის წევრები ითხოვენ საათობრივი ტარიფის გაზრდას, რაც სახელფასო განაკვეთის 45%-ით ზრდას გულისხმობს. თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ მეტროს მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკას 2013-2017 წლების მიხედვით წლები 2013 -2014- 2015- 2016- 2017 მემანქანე ინსტრუქტორი: 1,824 ლარი, 1,962 ლარი, 1,968 ლარი, 2,046 ლარი, 2,158 ლარი; ხაზის მემანქანე: 1,605 ლარი 1,700 ლარი, 1,730 ლარი, 1,794 ლარი, 1,827 ლარი; სატრანსპორტო კომპანიამ საწყის ეტაპზევე აქტიურად დაიწყო მემანქანეების მოთხოვნების განხილვა. შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით. მოლაპარაკებების პროცესში სატრანსპორტო კომპანიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით რომ, კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში. თბილისის სატრანპორტო კომპანიაში დასაქმებულია 6300-მდე თანამშრომელი და მათი პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კომპანიისთვის. ბოლო წლებში გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. კონკრეტულად, მეტროს მემანქანეებისთვის კეთილმოეწყო სპეციალური მოსასვენებელი ოთახები. ასევე, თითოეულ მემანქანეს შესაძლებლობა აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია ტექნიკურ სკოლაში და მიიღოს უფრო მეტი ანაზღაურება (სწავლის პერიოდში მემანქანე იღებს ხელფასს), თანრიგის ცვლილების შესაბამისად. კომპანიაში დაინერგა წელთა ნამსახურეობისა და ღამის სამუშაოების ტარიფების ზრდა, რაც დადებითად აისახა თანამშრომელების შემოსავლებზე. სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეების კონკრეტულ ჯგუფს უფრო მეტად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ გააჩნიათ საზოგადოების წინაშე. თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მემანქანეების გაფიცვამ არ გამოიწვიოს მეტროს გაჩერება და ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის შეფერხება“, – ნათქვამია განცხადებაში.
მეტროს მემანქანეების განცხადებით, იმის გამო, რომ სატრანსპორტო კომპანიასთან ხელფასების ზრდის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, 3 მაისიდან გაიფიცებიან.
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. მერიამ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასის გაზრდაზე უარი უთხრა.