რას პასუხობს კალაძე მეტროს თანამშრომლების გაფიცვაზე

994

მეტროს მემანქანეების განცხადებით, იმის გამო, რომ სატრანსპორტო კომპანიასთან ხელფასების ზრდის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, 3 მაისიდან გაიფიცებიან. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

რუსთაველის მეტროს წინ, მემანქანეებმა განცხადება წაიკითხეს და განაცხადეს, რომ მედიაციამ მხარეებს შორის წარუმატებლად ჩაიარა.

“დიდ ბოდიშს ვიხდით თქვენს წინაშე თბილისის მეტროპოლიტენის გაჩერების მთელი რიგი დისკომფორტისთვის. დღეს შევიტანთ განცხადებებს სატრანსპორტო კომპანიაში, ჯანდაცვის სამინისტროში, რომ წინასწარ სამი დღის ადრე ვაფრთხილებთ, რომ 2 მაისს საღამოს დავასრულებთ მუშაობას და 3 მაისიდან მეტრო აღარ გაიხსნება”, – განაცხადა მეტროს ალტერნატიული პროფკავშირების ერთობა 2013-ის წარმომადგენლებმა.

მემანქანეების განცხადებას თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ საკითხზე შეხვედრები უკვე გაიმართა.

“ჩვენი მხრიდან ავუხსენით დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა. ჩვენ გვყავს ადამიანები რომლებითაც საქმისადმი აქვთ არანაკლები პასუხისმგებლობა, მაგრამ მათ აქვთ უფრო დაბალი ანაზღაურება. შესაბამისად, როდესაც იქნება საშუალება, ხელფასის მატება მოხდება ყველა მიმართულებით. დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია რაიმე თანხების მატებაზე საუბარი. რაც შეეხება მეტროს გაჩერებას, არანაირი პარალიზება არ მოხდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეტრო არ გაჩერდეს”,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. მერიამ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასის გაზრდაზე უარი უთხრა.