მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 450 000-ზე მეტი განცხადება დარეგისტრირდა

852

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, გამარტივებული და ხელმისაწვდომი სარეგისტრაციო პროცედურებით, მიწა საკუთრებაში 450 000 -ზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის უფასოა შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქის ინტერესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.

რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრი პროაქტიულად ეხმარება მოქალაქეებს საბუთების მოძიებაში, ეროვნული არქივიდან თუ შემოსავლების სამსახურიდან სხვადასხვა ამონაწერის გამოთხოვაში, გადაფარვების გამოსწორებაში და სხვ.

ამ ეტაპზე, საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში 23 ათასამდე განცხადებაა გაგზავნილი, 60 000-ზე მეტ განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად უფლებისდამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს. ასევე, სადავო მიწის ნაკვეთებზე ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1000-მდე კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის სერვისით უკვე 1800-ზე მეტმა მოქალაქემ უფასოდ ისარგებლა.

კანონი მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, რომელმაც მიწის რეგისტრაცია გაამარტივა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადა, 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა და ძალაშია 2018 წლის 1 ივლისამდე.

მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.