“ახალმა საქართველომ” თბილისის მერიაში, 109-ე ბაღთან დაკავშირებით, პეტიცია წარადგინა

748

პარტია “ახალმა საქართველომ” თბილისის მერიაში 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლების ხელმოწერებით პეტიცია შეიტანა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის თქმით, მნიშვნელოვანია ბაღთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გაეცეს, მათ შორის გაირკვეს დასანგრევია თუ არა ბაღი.

„დღეს მერიაში პეტიცია შევიტანეთ 500 მშობლის ხელმოწერით. ჩვენ ვითხოვთ, რომ 109-ე ბაგა-ბაღთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხი გაეცეს. ჩატარდეს დამატებითი კვლევები და ექსპერტიზაც თუ საჭიროა იმისთვის, რომ საბოლოოდ დადგინდეს დასანგრევია ეს ბაღი თუ არა. თუ ექვემდებარება გამაგრებით სამუშაოებს, როგორც იმ ექსპერტიზაში წერია, რასაც ჩვენ გავეცანით, მაშინ რატომ არ ხდება გამაგრებითი სამუშაოები. ასევე მივმართავთ შიდა აუდიტის სამსახურს, რომ დროულად გამოაცხადოს მოკვლევის შედეგები, რატომ დაიხარჯა თავის დროზე 325 ათასი ლარი, თუ ეს ბაღი 2 წელიწადში დასანგრევი და ავარიული გახდებოდა. უნდა გამოიკვეთონ პასუხისმგებელი პირები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხით საკრებულოს სარევიზიო კომისიაც დაინტერესდეს“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

როგორც ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა მარიამ სიჭინავამ განაცხადა, ბაღის აღსაზრდელები „დირსის“ სამ სართულზე არიან განაწილებულები, რაც შეეხება ბაღს, მისი თქმით, იქ ჯერჯერობით არანაირი გამაგრებითი და სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.

09-ე საბავშვო ბაგა-ბაღმა, რომელიც ავარიულობის გამო დაიხურა, ფუნქციონირება სხვა შენობაში გააგრძელა. ბაგა-ბაღის 731 აღსაზრდელი იმავე უბანში მდებარე ალტერნატიულ ფართში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 109-ე ბაგა-ბაღის დახურვას 18 აპრილს მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა.