ისნის რაიონში კაიშაურისა და შილდის ქუჩებზე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა. ამჟამად კი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, ასევე, შეიცვალა ბორდიურები. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ისნის რაიონში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
კალაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე სპეციალური ადგილებია გამოყოფილი ხეების დასარგავად. მსგავსი ტიპის სამუშაოები კი, მთელი ქალაქის მასშტაბით ხორციელდება.
თბილისის მერიის ცნობით, კაიშაურის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე სრულდება. პროექტის ფარგლებში ტროტუარები და ბორდიურები მოეწყო და იგება ასფალტის საფარი. სამუშაოების ღირებულება 110 000 ლარია.
შილდის ქუჩაზე კი ასფალტის საფარის დასაგებად და ბორდიურების მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 128 000 ლარს შეადგენს.