გორის მაჟორიტარი დეპუტატის ძმა საკუთარი ეზოდან სტალინის ძეგლის გატანას ითხოვს

1189

გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ძმა, ალექსანდრე მაკრახიძე თავისი კომპანიის ეზოდან სტალინის ძეგლის გატანას ითხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ალექსანდრე მაკრახიძის განმარტებით, ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნულის შესახებ 8 წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართა, თუმცა ძეგლი ისევ ,,არქმშენსტუდია 2002“-ის ტერიტორიაზე ინახება.

,,2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ გააფორმა ხელშეკრულება ჩვენ კომპანიასთან და დავანგრიეთ ძეგლი. ჩემთვის არავის უკითხავს, მოიტანეს და დადეს ჩვენთან. მე პირადად სტალინს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ 8 წლის მანძილზე ამ ძეგლის სანახავად იმდენი ხალხი მიდი-მოდის, რომ ვწუხდებით ჩვენც. ვითხოვთ, გაიტანონ ეს ძეგლი და დადგან, სადაც საჭიროა. უკვე აღარ ვიცი, მოვესწრები თუ არა იმ დღეს, რომ ამ ძეგლს გაიტანენ ჩვენი ტერიტორიიდან“, – თქვა ალექსანდრე მაკრახიძემ.

საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი უკანასკნელი შემორჩენილი მონუმენტი მსოფლიოში, 2010 წლის 18 ოქტომბრამდე აღმართული იყო საქართველოში, სტალინის მშობლიური ქალაქის — გორის ცენტრალურ მოედანზე, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ.

ძეგლი სტალინის სიცოცხლეში, 1952 წელს გაიხსნა.