მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობის დასაწყებად უახლოეს პერიოდში ქვედა სადგურის – მეცნიერებათა აკადემიის ეზოს უკან მდებარე ტერიტორიიდან 11–მდე ოჯახის გასახლება იქნება საჭირო. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მთაწმინდის საბაგირო გზის პროექტის მთავარმა მენეჯერმა ლაშა დალაქიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც ლაშა დალაქიშვილმა განაცხადა, ამჟამად მუშაობა მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. პარალელურად, ასევე მუშაობა მიდის საბაგიროს ქვედა სადგურის, მეცნიერებათა აკადემიის ეზოს უკან მდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების ამ ტერიტორიიდან გასაყვანად.
მისივე თქმით, საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვის მოპოვების შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანია სამუშაოების საწარმოებლად ტენდერს გამოაცხადებს და უშუალოდ სამშენებლო პროცესიც დაიწყება. იგი ქვედა და ზედა სადგურებზე, ასევე ყველა ანძის ბეტონის სამუშოების წარმოებას ითვალისწინებს.
„ყველა ტიპის ექსპერტიზა დასრულებულია, როგორც კონსტრუქციული ნაწილის, ასევე გეოლოგიური და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სსიპ-ი მშენებლობის განხორციელების ნებართვას ამაზე დაყრდნობით გასცემს. საბაგიროს მშენებლობის პროექტით, მოხდება ქვედა სადგურის რეკონსტრუქცია, ზედა სადგური კი, რომელიც მთაწმინდის პარკში იქნება, ხელახლა აშენდება. თუ რა დაჯდება პროექტი, ამის თქმა ამჯერად რთულია, რადგან ავსტრიულ კომპანია „დოპელმაიერთან“ ამჟამად ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ვართ. ეს გულისხმობს არსებული პროექტის ტექნოლოგიური ნაწილის გადაკეთებას. მოგეხსენებათ, მთაწმინდის საბაგიროს თავდაპირველი მარშრუტი „რედისონიდან“ იყო. 2015 წელს არქიტექტურული საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს ლოკაცია შეიცვალა და ისევ მეცნიერებათა აკადემიის ეზოში გადავიდა. ის მოწყობილობები, რომელიც „რედისონის“ წინ სადგურის მოსაწყობად იყო საჭირო, შესაბამის მოდიფიკაციას საჭიროებს. ახლა მოლაპარაკებების პროცესში ვართ კომპანია“ დოპელმაიერთან“ – თუ რა დაჯდება ამ მოწყობილობების მოდიფიცირება და არსებულ პროფილზე მორგება. ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, თუ რა თანხები დაიხარჯება საბაგიროს ახლანდელი მარშრუტისთვის“, – განაცხადა პროექტის მთავარმა მენეჯერმა.
მშენებლობის პროცესს დაახლოებით 9 თვე დასჭირდება, ეს დრო საბაგიროს მონტაჟსაც მოიცავს, რომელსაც ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ი განახორციელებს. მთაწმინდის საბაგიროზე მგზავრთა გადასაყვანად 20 გონდოლა გამოიყოფა.
ქალაქ თბილისის მერიასა და ავსტრიულ კომპანია ,,DOPPELMAYR”-ს შორის, მთაწმინდაზე საბაგირო გზის ფუნქციონირების აღდგენის მიზნით, ხელშეკრულება 2012 წლის 5 ივნისს გაფორმდა.
მთაწმინდის საბაგირო 1990 წლის 1 ივნისს ჩამოწყდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.