გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირების ანაზღაურებისთვის 2018 წელს 3 813 800 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ “რადიო მოზაიკა” გორის მერიიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
მერიის ცნობით, უწყებაში 289 ადამიანია დასაქმებული. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას მუნიციპალიტეტის მერის მოთხოვნის შედეგად, საკრებულომ გამონაკლისი დაუშვა და 4 შტატგარეშე თანამშრომლის დამატების გადაწყვეტილება მიიღო.
ოპოზიცია ,,ქართულ ოცნებას“ ქალაქის სტატუსის გაუქმების არგუმენტებს ახსენებს და აცხადებს, რომ მათი მოლოდინი თანხების დაზოგვასთან დაკავშირებით არ გამართლდა.
მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მცირე რაოდენობით საშტატო ნუსხა ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტებში ერთად, 2017 წელს იყო წარმოდგენილი. რადიოს ცნობით, შტატიანი თანამშრომლების რაოდენობა მაშინ 260-ზე ნაკლები არ ყოფილა. მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ფიქსირდება მათი ანაზღაურებისთვის დახარჯულ თანხებში. ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებამდე, 2014-2017 წლებში სულ შტატიანი თანამშრომლების ხელფასებისთვის 15 063 103 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტებში დასაქმებული შტატიანი თანამშრომლებისთვის 3 753 710 ლარი ხელფასებში გაიწერა, ხოლო რეორგანიაზციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომლებზე გაცემულმა თანხამ სულ 84 120 ლარი შეადგინა. გამოდის, რომ ამ მიმართულებით, 2017 წელს 3 837 830 ლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლისთვის გათვალისწინებულ თანხაზე 24 030 ლარით ნაკლებია.