მერია დედაქალაქის მასშტაბით არსებული ყველა საფეხმავლო ლითონის ხიდის გამაგრება-რეაბილიტაციას იწყებს

790

თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით არსებული ყველა საფეხმავლო ლითონის ხიდის გამაგრება-რეაბილიტაციას იწყებს. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„მომდევნო კვირის დასაწყისში უკვე გაფორმებული იქნება ხელშეკრულება კომპანიასთან, რომლის ვალდებულებაც იქნება უშუალოდ ამ საფეხმავლო ხიდების გამაგრება-რეაბილიტაცია. ქალაქის მასშტაბით რამდენი ხიდიც არის, ყველას შემოწმებაა ჩატარებული. იმის გამო, რომ მოსახლეობამ უსაფრთხოდ ისარგებლოს ამ ხიდებით, ავარიული ხიდების რეაბილიტაცია ჩატარდება. იმ კვირიდან ამ პროცესს დავიწყებთ და რეაბილიტაცია მთელი წელი გაგრძელდება, რადგან შესაძლოა ხიდი ახლა მყარი იყოს, მაგრამ 3 თვის შემდეგ ჩარევა დასჭირდეს. იქნება ახალი კომპანია, რომელიც ამ ყველაფერს შეასრულებს“, – განაცხადა ბენდელიანმა.

თბილისის მერიის ცნობით, ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „უნივერსალმშენი“ შეასრულებს და მისი ღირებულება 237 732 ლარია. მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით, მუნიციპალურ საკუთრებაში 34 ლითონის ხიდია. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დრომდე აღნიშნული ხიდების რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.