თელავში გერმანული სტანდარტის პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება

691

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მისი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) რეგიონულ დირექტორს, როლანდ სტეურერს, პროფესიული განათლების პროგრამის დირექტორს კატია კამერერს და გერმანიის ელჩს საქართველოში დანიელ ჰაასს შეხვდნენ.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილეს და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, სოფლის მეურნეობის მიმართულების უმაღლესი პროფესიული კოლეჯის ამოქმედდებასთან დაკავშირებით, მინისტრის ინიციატივას გაეცნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში პირველი, აგრარული მიმართულების პროფესიული სასწავლებელი გერმანული სტანდარტების შესაბამისი იქნება და მის პროგრამებში გათვალისწინებული იქნება რეგიონის სპეციფიკა და საჭიროებები. განსაკუთრებული აქცენტი კი, მეღვინეობა-მევენახეობაზე გაკეთდება. თელავის უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი ტიპის სასწავლო პროფესიული დაწესებულების დაარსების გადაწყვეტილება გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა და მინისტრსა და სამინისტროს მხარდაჭერა აღუთქვა.