ასპინძის, ტოლოშის და თმოგვის სკოლებში საპირფარეშოების რეაბილიტაციისთვის ასპინძის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად, პირველ ეტაპზე, რეაბილიტაციისთვის ისეთი სკოლების საპირფარეშოები შეირჩა,სადაც მძიმე მდგომარეობაა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტოლოშის სკოლის ეზოში იგეგმება ძველი საპირფარეშოს დემონტაჟი და ახალი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული შენობის აშენება, სადაც სამი განყოფილება იქნება გოგონებისთვის,ბიჭებისთვის და მასწავლებლებისთვის.
რაც შეეხება თმოგვის სკოლის საპირფარეშოს, აქ არსებულ შენობას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. ასევე შეიცვლება სკოლის შენობის სახურავი.
ასპინძის პირველ საჯარო სკოლაში, მეორე და მესამე სართულებზე,საკლასო ოთახების ნაცვლად, მოეწყობა ორი საპირფარეშო, გოგონებისთვის და ბიჭებისთვის. გარდა ამისა, სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცენტალური გათბობის სისტემას, რომელიც ბუნებრივ აირზე იმუშავებს.
2018 წლიდან საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელი ადგილობრივი თვითმმართველობებია.