საიასა და USAID-ის ორგანიზებით, გაიმართა დისკუსია თემაზე „ღია მმართველობა – მიღწევები და გამოწვევები“

828

13 აპრილს, ქ. მცხეთაში, სასტუმრო „ჯინო ველნესში“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და USAID-ის ორგანიზებით, გაიმართა დისკუსია თემაზე „ღია მმართველობა – მიღწევები და გამოწვევები“. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარე ავრცელებს.

დისკუსიის მიზანს ღია მმართველობის დღის წესრიგის შემუშავებაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები, რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership – OGP) 2011 წელს დაარსდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც პარტნიორობას იმავე წელს შეუერთდა, 2016 წლიდან კი თავმჯდომარის პოზიციას იკავებს. როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო მიმდინარე წლის 17-19 ივლისს ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლებს. ღონისძიებას 75-მდე ქვეყნის 2000 წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოს მთავრობა აღნიშნულ სამიტზე წარადგენს 2018-2019 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას.

საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნის, მნიშვნელოვანი მიღწევებია: სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის უზრუნველყოფის მიზნით მუდმივი საკოორდინაციო მექანიზმის – ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი – დაფუძნება, ელექტრონული პეტიციის პორტალისა და ღია მონაცემთა პორტალის შექმნა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება, საჯარო სერვისების ონლაინ რეჟიმში უზრუნველყოფა, ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობა ღია მმართველობის პროცესში და ა.შ.