გურჯაანის საკრებულოს გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური მაცნე” უქმდება. საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
მოწინააღმდეგეებს შორის იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხუროშვილი.
„თავის დროზე მე დავაყენე საკითხი ტელეკომპანია „გურჯაანისა“ და „გურჯაანის მუნიციპალური მაცნის“ დამატებით დაფინანსებასთან დაკავშირებით, თუმცა, ტელევიზია გაითვალისწინეს, გაზეთი კი – არა. ჩემი პოზიცია ასეთია, პრესაში და ტელევიზიაში შეიძლება მოხდეს რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, მაგრამ არ უნდა გაუქმდეს. პირადად მე, ამის წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები კიდეც“,- აღნიშნა მან.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ნიკოლოზ გეთიაშვილის განმარტებით, ოპერატიულობის თვალსაზრისით, გაზეთი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.
„როგორც გაზეთის ხელმძღვანელმა აღნიშნა, გამოცემის ტირაჟი არის 500 ცალი, რომელიც სოფლებში ნაწილდება. ეს მცირე როდენობაა ინფორმაციის გავრცელების კუთხით. ჩვენ პრეტენზიები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თვეში ორჯერ გამოდის და ინფორმაციის ოპერატიულად გადაცემა ვერ ხერხდება. ვიცით, რომ ინტერნეტი ვითარდება სოფლებშიც. ჩვენ გვაქვს ვებგვერდი, რომლის განახლებას და გაძლიერებას ვაპირებთ და ამის საშუალებით, ვფიქრობ, უფრო სწრაფად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მოსახლეობას. გადაწყვეტილება მიღებულია. შესაბამისი პროცედურებიდან გამომდინარე, თანამშრომლებზე გაიცემა კომპენსაცია, რაც მათ კანონიერად ეკუთვნით. მხოლოდ ამის მერე მოხდება ლიკვიდაცია”, – თქვა ნიკოლოზ გეთიაშვილმა.
„გურჯაანის მუნიციპალურ მაცნეში“ 9 თანამშრომელია დასაქმებული. როგორც ნიკოლოზ გეთიაშვილი ამბობს, მათ, ვაკანსიების გამოცხადების შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.