გორის საბავშვო ბაღების დირექტორები ახალ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ

734

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ საკრებულოს წევრებს უკვე გადაუგზავნა განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი პირი სხვადასხვა სახის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. პროექტის განხილვა საკრებულოს 13 აპრილის სხდომაზე იგეგმება. ამის შესახებ “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” წერს.

დოკუმენტის მიხედვით, დირექტორი უნდა იყოს არანაკლებ 25 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

მოთხოვნები კი ასე გამოიყურება:

განათლება და გამოცდილება: აკადემიური უმაღლესი განათლება; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ან დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ (მენეჯერული) პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და საგანმანათლებლო სფეროში ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

უნდა იყოს გადამზადებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;

რაც შეეხება სამართლებრივი აქტების ცოდნას, ამ კუთხით საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს საქართველოს კონსტიტუცია; კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”; საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” – III და XIII თავი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი – III თავი ; გორის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.

ცოდნა და უნარ-ჩვევები: საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს: ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები; ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები; ინკლუზიური განათლების პრინციპები; უნივერსალური დიზაინის პრინციპები; სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები. ფინანსური მართვის საფუძვლები; პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები; ფონდების მოძიების პრინციპები. ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები; ინვენტარიზაციის პროცედურები;

საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: ადამიანური რესურსების მართვა; პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; კომპლექსური ურთიერთობების მართვა; პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი; დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა; წლიური ბიუჯეტის შედგენა; სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება; კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა.

დაუშვებელია საჯარო დაწესებულების დირექტორად იმ პირის მიღება, თუ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის; არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა არ ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.

მოქმედ დირექტორებს დაკმაყოფილებულად ჩაეთვლებათ შემდეგი მოთხოვნები: აკადემიური განათლება; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ან დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ (მენეჯერული) პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და საგანმანათლებლო სფეროში ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

ასევე, მოქმედ დირექტორებს სავალდებულოდ განესაზღვროთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გადამზადება მისი დამტკიცების შემდგომ.