თელავში, გორსა და ახალციხეში თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებას აპროტესტებენ

659

საქართველოს სამ თვითმმართველ ქალაქში – თელავში, გორსა და ახალციხეში მათი ქალაქებისთვის თვითმმართველობის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივას აპროტესტებენ.

შეხვედრებს, რომელიც დღეს თელავში, გორში, ახალციხესა და რუსთავში გაიმართა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მსჯელობდნენ, თუ რას მოუტანს ამ ქალაქებს თვითმმართველი სტატუსის გაუქმება. ქალაქებში თანხმდებიან, რომ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მათი განვითარება შეფერხდება, ვინაიდან ქალაქს აღარ ექნება საკუთარი ბიუჯეტი, რაც ადგილებზე პროექტების განხორციელების შესაძლებლობას და საბოლოო ჯამში ქალაქების ურბანულ განვითარებას შეაფერხებს.

ადგილობრივი ხელისუფლებაც და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ცენტრალურ ხელისუფლებას თვითმმართველობებში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. კერძოდ, იმას, რომ დროულად განხორციელდეს ფისკალური დეცენტრალიზაცია, გაიმიჯნოს ქონება და თვითმმართველობებს საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვის შესაძლებლობა მიეცეთ.

დღეს გამართული შეხვედრებისას ითქვა, რომ თვითმმართველი ქალაქები არათუ უნდა გაუქმდეს, არამედ მათი რიცხვი უნდა გაიზარდოს. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თვითმმართველობების განვითარებას შეაფერხებს.

წყარო: პირველი