გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია ,,პატრიოტები ხალხის სამსახურში” იქმნება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას 13 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებენ. ახალი ფრაქციის თავმჯდომარედ თამარ კოდოშვილი სახელდება, რომელიც საკრებულოში ,,პატრიოტთა ალიანსიდან” შევიდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მის მოადგილედ მერაბ მახარაშვილი დაინიშნება, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელის სტატუსით სარგებლობს, თუმცა წინა მოწვევის საკრებულოში ის ოქრუაშვილის გუნდის წევრი იყო. მესამე წევრი ახალ ფრაქციაში კახა ედიშერაშვილი იქნება. იგი საკრებულოში ,,ქართული ოცნების” სახელითაა.
ახალი ფრაქციის შექმნას ეწინააღმდეგება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ წევრები, რომლებსაც ასევე საკუთარი ფრაქცია აქვთ საკრებულოში. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების აზრით, საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იხარჯება და ფრაქციები ხელოვნურად იქნება.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის კითხვაზე, თუ რა აუცილებლობამ განაპირობა ახალი ფრაქციის ჩამოყალიბება და რა საერთო ღირებულებები აერთიანებთ მის წევრებს, კოდოშვილმა განმარტა, რომ რელიგიურ დღესასწაულებზე ამ თემაზე საუბარი უხერხულია.
დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 13 აპრილიდან ეს უკვე მე-6 ფრაქცია იქნება. ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ხელფასებისთვის, ბიუჯეტიდან თვეში დამატებით, 3440 ლარი, წელიწადში კი 41 280 ლარი დაიხარჯება.
წლის განმავლობაში 5 ფრაქციის თანამდებობის პირთა სახელფასო ანაზღაურება, 2018 წელს, 206 400 ლარი იქნებოდა, ხოლო რაკი მე-6 ფრაქცია ემატება, ეს ხარჯი 247 680 ლარამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ თვითმართველობის ახალი რეფორმის განხორციელებამდე, 2014-2017 წწ-ში, თვითმართველი ქალაქის საკრებულოში ჯერ 3 (თავისუფალი დემოკრატების დაშლამდე), მოგვიანებით კი 2 ფრაქცია ფუნქციონირებდა. თემის საკრებულოში კი 5 ფრაქცია. ანაზღაურებას არ იღებდნენ თავმჯდომარის მოადგილეები. ამჯერად, ეს თანამდებობები ანაზღაურებადია.
საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.
ამავე წესის მიხედვით, ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში (ასეთი ფრაქცია შეიძლება შექმნან ორი ან მეტი პარტიის წევრებმაც). საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ საკრებულოს უპარტიო წევრს უფლება აქვს გაერთიანდეს მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციაში. არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეული საკრებულოს უპარტიო წევრს უფლება აქვს გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად.